Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ იუვენტუსს მოტივაცია აკლდა“

არიგო საკიმ ჩემპიონთა ლიგიდან იუვენტუსის გამოვარდნაზე ისაუბრა.

„მე ძალიან გამიკვირდა, რომ იუვემ მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა, რადგან მიმდინარე სეზონში სერია ა-სგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.

„იმედი მქონდა, რომ იუვე ლაციოსთან მეორე ტაიმში ნაჩვენები ინტენსიობით და მონდომებით ითამაშებდა, თუმცა ამის მაგივრად ისინი როგორც გუნდი არ თამაშობდნენ და გუნდურად არც შეტევა და არც დაცვა არ შეეძლოთ.

„მე გავბედავ და იმასაც კი ვიტყვი, რაც ასეთი მატჩისთვის ალბათ აბსურდულად ჟღერს, რომ იუვენტუსს მოტივაცია აკლდა. ძალიან რთულია იმის ახსნა, თუ როგორ ვერ მოახერხეს მათ სასურველი შედეგის მიღწევა 10-კაციან გუნდთან 70 წუთის განმავლობაში.

„ვშიშობ, რომ იუვემ პორტუ ვერ დააფასა. პორტუგალიელებს ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვთ, თუმცა ისინი კარგად არიან ორგანიზებულები, ჰარმონიულად მოძრაობენ და გუნდურობა ეტყობათ. თამაშობენ დაცვიდან და ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის თამაშის სტილს შეესაბამება.“

საკი უკვე დიდი ხანია სერია ა-ს გუნდებს აქცენტის ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე გაკეთების გამო აკრიტიკებს და მათ უფრო გუნდური თამაშისკენ მოუწოდებს.

„ფეხბურთი გუნდური სპორტია. რონალდუ აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ გუნდი, რომელიც ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული და იმ ფეხბურთელს კონკრეტულ თამაშში ცუდი დღე აქვს, ამ გუნდს ძალიან გაუჭირდება.

„დიეგო მარადონასაც კი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ევროპული თასის მოგება მარტოს არ შეეძლო და დახმარება სჭირდებოდა. მწვრთნელობის დროს არასოდეს მსურდა ფეხბურთელი, რომელიც უკვე ვარსკვლავი იყო, რადგან მეშინოდა, რომ ის გუნდისთვის არ ითამაშებდა.

„გაიხსენეთ რეალის გალაქტიკო, მათ დიდებული შემადგენლობა ჰყავდათ, ვარსკვლავებით გადაჭედილი, მაგრამ მათ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს.“

პორტუსთან მატჩის შემდეგ ანდრეა პირლოს მიმართ კრიტიკა უფრო გაძლიერდა.

„მე იუვენტუსს ვურჩევ, რომ ისეთი მწვრთნელი აირჩიოს, რომელსასც შემტევი იდეები აქვს, შემდეგ კი ამ მწვრთნელის იდეების გარშემო შესაბამისი ფეხბურთელები გაიფორმოს.

„იუვენტუსი იტალიაში ყოველთვის წარმატებული იყო, მაგრამ მათ ევროპის დასაბყრობად სხვა სტილის ფეხბურთი სჭირდებათ და სანამ ეს არ შეიცვლება, მათი წარუმატებლობა გაგრძელდება.“