Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ იუვენტუსში სკუდეტოს გარანტირებულად მიიჩნევდნენ…“

ლაციოს ახალმა თავკაცმა იტალიის და ესპანეთის დაპირისპირებაზე, იუვენტუსში გატარებულ პერიოდზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ თუ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ჟორჟინიო Ballon d’Or-ის კანდიდატი უნდა იყოს. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს.

„მისი შემხედვარე ყველაფერი გაცილებით მარტივია. როდესც მე ჩელსიში მივედი, ჩვენ მოვახერხეთ და ის მანჩესტერ სიტის ხელიდან გამოვგლიჯეთ. თავიდან ქომაგები და ჟურნალისტები მის ტალანტს ვერ აფასებდნენ, თუმცა შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რამდენად დიდი ტალანტი აქვს ჟორჟინიოს.

„რას ვაკეთებდი უსაქმოდ გატარებული 1 წლის განმავლობაში ? მე ჩემს ოჯახთან ერთად დროს ვატარებდი, ფეხბურთს და ველო-რბოლებს ვუყურებდი, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

სარიმ იუვეში სადებიუტო სეზონში სკუდეტოს მოგება მოახერხა, მაგრამ ის გუნდიდან მაინც გაუშვეს.

„იუვენტუსში როგორც ქომაგები, ასევე გუნდის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები სკუდეტოს გარანტირებულად მიიჩნევდნენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩვენ ტიტული არც აგვიღნიშნავს და ყველა თავის საქმეებზე წავიდა.

„ალბათ იუვენტუსში სამუშაოდ ყველაზე კარგი წელი ეს იყო, როდესაც გუნდი მეოთხე ადგილს დიდი ზეიმით შეხვდა. ფეხბურთში გამარჯვება გარანტირებული არასოდეს გაქვს და ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გჭირდება.

„სიმართლე რომ გითხრათ, ფეხბურთის გარეშე ერთი წელი ყოფნა არ გამიჭირდა, რადგან სტადიონზე ქომაგების გარეშე სპორტი გარკვეულ ხიბლს კარგავს.“

სეზონის მსვლელობისას სარის ნაპოლიში დაბრუნებაზე არაერთხელ ისაუბრეს.

„შუა სეზონში გარკვეული წინადადებები, მათ შორის ნაპოლიდანაც მართლაც მქონდა, მაგრამ ჩემი პასუხი ერთი იყო: მე სეზონის მსვლელობისას გუნდის ჩაბარება არ მსურდა.

„ნაპოლი ზაფხულში რომ დამკავშირებოდა, ამ ვარიანტზე ნამდვილად დავფიქრდებოდი, მაგრამ ჩვენ რეალურად მოლაპარაკებები არასოდეს დაგვიწყია, ეს უბრალოდ ინტერესი იყო.

„რონალდუ ? მისი გაწვრთნა მარტივი ნამდვილად არ არის. ის უბრალოდ რიგითი ფეხბურთელი არ გახლავთ, ის მულტინაციური კომპანიაა, პერსონა, რომლის ინტერესები ფეხბურთს დიდი ხანია გასცდა.

„მართალია წლის ბოლოს კრიშტიანუ შესანიშნავი შედეგების დადებას მაინც ახერხებს, მაგრამ ხალხი სამწუხაროდ ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე ლაპარაკობს და გუნდურობა უკვე დიდი ხანია ყველამ დაივიწყა.“

სარიმ დიბალაზეც ისაუბრა, რომელიც მისი ტურინში ყოფნის დროს სერია ა-ს მვპ გახდა.

„დიბალა ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც ბოლო წელი რთული გამოუვიდა, მაგრამ მისი დონის ფეხბურთელი ამ სირთულეებს მარტივად გაუმკლავდება. იუვენტუსისთვის გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა, მათ დიბალა ან უნდა გაყიდონ, ან მასზე გააკეთონ აქცენტი.“