Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციო ზოგჯერ უბრალოდ ითიშება…“

მაურიციო სარიმ ნაპოლისთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გუნდი აშკარად პროგრესირებს, თუმცა 4-5 მატჩში ერთხელ ასეთი ჩავარდნები გვაქვს, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ ნაპოლიმ შესანიშნავად ითამაშა და ვფიქრობ, რომ მათ ამ მომენტისთვის სერია ა-ში საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

„ჩვენ მოედანზე არასწორი განწყობით გავედით, რადგან საწყის 10 წუთში 2 გოლი გავუშვით და რა თქმა უნდა, ამან ყველაფერი საგრძნობლად გაგვირთულა. თუ ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ნახევრად პრესინგს ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შესანიშნავი მეპასეები ჰყავს, ჩვენ აუცილებლად დავისჯებით.

„მე ვხედავ, რომ გუნდს 90 წუთის განმავლობაში ფოკუსის შენარჩუნება უჭირს. მესმის, რომ ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში რთულია, მაგრამ უპატიებელია, რომ გუნდი ერთი მატჩიდან მეორემდე ინტენსიობის მხრივ 10 ქულიდან 1 ქულაზე დავიდეს.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რისი ბრალია ეს არასტაბილურობა და მისი გამოსწორება ვცადოთ. მე ნაპოლისთან მატჩში ყველაფერს ველოდი, თუმცა არა გუნდისგან ასეთ მიდგომას. გუნდი უბრალოდ ზოგჯერ ითიშება და არაფერი გამოსდის.

„ფელიპე ანდერსონი ? როდესაც ის ხასიათზეა, მას მოედანზე წარმოუდგენელი რაღაცეების გაკეთება შეუძლია, თუმცა არის მატჩები, როდესაც ის თავის თავს არ ჰგავს.

„ნეაპოლში დაბრუნება ? მე ვცდილობდი, რომ სიმშვიდე არ დამეკარგა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე ეს ქალაქი და აქ მცხოვრები ხალხი ძალიან მიყვარს.“