Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენი მთავარი ამოცანა ოთხეულში შესვლა იქნება, კორეას გუნდიდან წასვლა სურს…“

ცოტა ხნის წინ ლაციომ მაურიციო სარის პრეზენტაცია გამართა, რის შემდეგაც იტალიელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მაურიციო სარიმ ლაციოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ლაციომ თავდაპირველად 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ მე უფრო მოკლე ხელშეკრულება მსურდა, რადგან ჩემი ასაკის ადამიანმა არასოდეს იცი, გექნება თუ არა 2 წელიწადში იგივე ძალა და შემართება. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, კონტრაქტის გახანგრძლივებას წინ არაფერი დაუდგება.“ – განცხადა 62 წლის სპეციალისტმა.

„მე აქ 2 რამის გამო ვარ. პირველი არის პერსონალური მახასიათებლები, რადგან ლაციომ მომცა სრული თავისუფლება, გამოვავლინო ჩემი საუკეთესო თვისებები

„მეორე კი უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს. ჩვენ შემადგენლობაში გარკვეული კორექტირება გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ბაზა გუნდს ძალიან ძლიერი ჰყავს და გვაქვს ყველაფერი, რომ მიზანს მივაღწიოთ.

„მინდა ვიხილო გუნდური სული მთელი კვირის განმავლობაში და გუნდი, რომელსაც მატჩებში დომინანდი ფეხბურთის თამაში სურთ.

„ჩვენ სეზონს 4-3-3 სქემით დავიწყებთ, მაგრამ ეს შესაძლოა შეიცვალოს, ეს მე კარიერაში არაერთხელ გამიკეთებია.

„ჩვენ თავგადასავლის დასაწყისში ვართ და ეს სეზონი ყველაზე რთული იქნება. ჩვენი მიზანი ცხადია ოთხეულში შესვლაა.“

ჟოზე მოურინიოსა და მაურიციო სარის შორის რომაული დერბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მატჩი იქნება.

„მე მას განსაკუთრებულ მეტოქედ არ აღვიქვამ. ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც კარიერაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? გუნდის ხელმძღვანელობამ იცის, რომ ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა მოვახერხოთ. ჩვენ სახელები არ განგვიხილავს, ჩვენ ვისაუბრეთ მახასიათებლებზე, რომელიც გუნდს ესაჭიროება.

„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს მთელი გუნდით ვერ დავიწყებ, მაგრამ ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ და მოსამზადებლად საკმაოდ მოკლე დრო გვრჩება.“

ბიანკოჩელესტიმ ფელიპე ანდერსონის და ელსეიდ ჰიუსაის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

„მე რომ ფელიპეს ნიჭის არ მჯეროდეს, მისი ტრანსფერის წინააღმდეგი ვიქნებოდი. როდესაც ის ლაციოში თამაშობდა, ანდერსონი შესანიშნავ ფორმაშ იყო, ბოლო პერიოდში კი სტაბილურობა აკლია და ჩვენ შევეცდებით, მას ეს დავუბრუნოთ.“

როგორც გუშინ მოგახსენეთ, ლუის ალბერტომ ლაციოში დაბრუნებაზე უარი თქვა და უქმეები თვითნებურად გაიხანგრძლივა, რის გამოც გუნდმა ის დააჯარიმა.

„ის ჯერ არ დაბრუნებულა, ამიტომ ეს მენეჯმენტის პრობლემა უფროა. მე მისგან ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის განმარტებას მოვითხოვ, თუ რატომ გააკეთა ეს. თუ ლუისი ამას გააკეთებს, მაშინ პრობლემა აღარ იქნება.“

ჩირო იმობილეს იტალიის ნაკრებში ბოლო 2 მატჩის გამო დიდი კრიტიკა ერგო.

„თუ მანჩინი მას ყველა შეხვედრას სასტარტოში აწყებინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რობერტო მისი თამაშით კმაყოფილია. იმედი მაქვს, რომ ის ფინალში გატანას მოახერხებს, მაგრამ ჩირო გუნდს ძალიან ეხმარება და ვიცი, რომ ის ლაციოში გოლების გატანას გააგრძელებს.“

რატომ არ იყენებთ სოციალურ ქსელებს ?

„მე არა სოციალურ ქსელებში, არამედ ტელეფონში საუბარიც კი მიჭირს. მე ადამიანთან პირისპირ საუბარი მიყვარს.

„მე ზეწოლას არასოდეს გავურბოდი და მისი არ მეშინია. არ მგონია, რომ ნაპოლიში, ჩელსიში ან იუვენტუსში უფრო ნაკლები მოლოდინი და ზეწოლა იყო.

„იმედია სეზონის სტარტიდან სტადიონებზე მაყურებლები დაბრუნებიან, რადგან მე მწვრთნელობა ძალიან მომენატრა, ქომაგების გარეშე კი ფეხბურთს მნიშვნელოვანი ასპექტი აკლდება.“

შეეძლება თუ არა ლაციოს ტიტულისთვის ბრძოლა, როგორც 2019 წელს, როდესაც ჩემპიონი მაურიციო სარის იუვენტუსი გახდა ?

„მე მაშინ ბევრჯერ წავიკითხე, რომ პანდემიის გარეშე ტიტულს ლაციო მოიგებდა, მაგრამ სინამდვილეში იუვენტუსი მთელი სეზონი ცხრილის სათავეში იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ლაციოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო.

„ლაციოს ფიზიკური პრობლემები გასულ სეზონში ? ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ფეხბურთელებს წარმოუდგენელი გრაფიკით უწევდათ თამაში და ტრავმიანობა არა მხოლოდ ლაციოს, არამედ თითოეული გუნდის პრობლემა გახლდათ.

„წარმოუდგენლად დატვირთული სეზონის შემდეგ, უეფამ გადაწყვიტა ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთა რაოდენობა გაეზარდა. არ გამიკვირდება, რომ ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატი 50 გუნდში ჩაატაროს.

„ორგანიზატორებმა თამაშების რაოდენობა კი არ უნდა გაზარდონ, არამედ უნდა შეამცირონ, რადგან ფეხბურთელებს ასეთი დატვირთვით თამაში ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.“

იქნება თუ არა ევროპა ლიგაზე გამარჯვება ლაციოს მიზანი ?

„ნებისმიერ ტურნირზე ლაციომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, ამ ჩემპიონატის დაუფასებლობა სწორი არ არის. ჩვენ ყველა ფრონტზე საბრძოლველად ღრმა შემადგენლობა დაგვჭირდება, როდესაც ჩელსიში ვიყავი, მე მატჩიდან მატჩამდე 6-7 ფეხბურთელს ვცვლიდი.“

დარჩება თუ არა გუნდში მანუელ ლაცარი ?

„მე მას დღეს ვესაუბრე და როგორც ჩანს, ის მზად არის კარიერის ახალი ეტაპი მცველის პოზიციაზე დაიწყოს. ვფიქრობ, რომ მას ამისთვის ყველაფერი აქვს და ლაციოს გამოადგება.“

ხოაკინ კორეას ლაციოდან წასვლაზე ბევრი დაიწერა…

„კორეამ გუნდიდან წასვლის სურვილი მართლაც დააფიქსირა, მაგრამ იმედია ის აზრს შეიცვლის და გუნდში დარჩება.“