Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ევროპული ტურნირებია“

მაურიციო სარიმ ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და გუნდის არასტაბილური თამაში ევროპა ლიგას დააბრალა.

„ევროპა ლიგა ჩვენ გვკლავს, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია. ლაციოს თამაშის ხარისხი ევროპულ ტურნირზე ასპარეზობის შემდეგ აშკარად ვარდება, გუნდი ასეთი დატვირთული კალენდარისთვის მზად არ არის.

„სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ეს არის, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს ჩვენი ლიმიტია. ტოპ გუნდები როგორღაც ახერხებენ, რომ ევროპული მატჩის შემდეგ 0-0 ითამაშონ ან 1-0 მოიგონ, ჩვენ კი გადაღლილები ვართ და 90 წუთი ინტენსიურად თამაშს ვერ ვახერხებთ.“

გუნდის პრეზიდენტმა ლოტიტომ დაადასტურა, რომ სარი კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს.

„ჩვენი მიზანია ახალგაზრდული გუნდის აშენება, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდება. არ ვიცით, რა იქნება ჩვენი საბოლოო მიზნები, მაგრამ იმაში დარწმუნბულები ვართ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.

„ვფიქრობ, რომ ლაციოს ნაპოლის მსგავსი პროექტი აქვს, პროექტი, რომლის ცენტრშიც მწვრთნელია. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ მე აქ სიამოვნებით ვმუშაობ.

„არის თუ არა ოთხეულში შესვლა მიზანი ? ლაციომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მხოლოდ მაშინ მოიპოვა, როდესაც მილანს და ინტერს ცუდი პერიოდი ჰქონდათ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.

„ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ მოედანზე მაქსიმალური ყურადღებით და მონდომებით უნდა გავიდეთ. მართალია გენუელებს ცუდი პერიოდი უდგათ, თუმცა მათ პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლიათ და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ძაკანი, ალბერტო და პედრო ? იმედი გვაქვს, რომ ისინი თამაშს მოახერხებენ. მათ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს და თუ რაიმე არ შეიცვალა, სამივე მათგანი განაცხადში იქნება.“