Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენ ყველა მატჩში უდიდესი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ“

მაურიციო სარიმ ლოკომოტივთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

ბიანკოჩელესტიმ სერია ა-ში რომაულ დერბისი ჯალოროსის სძლია, თუმცა სარის თქმით გუნდი მოედანზე იგივე მოტივაციით უნდა გავიდეს.

„ერთი მატჩის ჩატარება დიდი მოტივაციით ნებისმიერი გუნდი მოახერხებს, ორი თვე ასე თამაში სულ რამდენიმეს შეუძლია, თუმცა ჩემპიონები და გამარჯვებულები ამ მოტივაციას 10 თვე აჩვენებენ, ამიტომ ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით უნდა ვიბრძოლოთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ფეხბურთელებმა, რომლებმაც დერბიში ითამაშეს, შედარებით მსუბუქი სავარჯიშო სესია ჩაატარეს. ჩვენ დერბის შემდეგ დასასვენებლად და ევროპა ლიგის მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 61 საათი გვაქვს, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევეჩვიოთ.

„დერბიში გამარჯვება ? ეს ქომაგებისთვის ყოველთვის დიდი სიხარულის მომტანია, მაგრამ ახლა ჩვენ ლოკომოტივთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ლოკომოტივი რთული მეტოქეა, მე მათ წინააღდეგ იუვენტუსთან ერთად ვითამაშე და იმის მიუხედავად, რომ გავიმარჯვეთ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა.

„ლუის ალბერტოს უკმაყოფილება დერბიში შეცვლის გამო ? მე იმაზე უფრო ვიდარდებდი, თუ რომელიმე ფეხბურთელი შეცვლის გამო ბედნიერი იქნებოდა. ალბერტო დიდებული ფეხბურთელია და მან იცის, რომ უფრო მეტის პოტენციალი აქვს.“