Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარნო: მილანმა რომას ძანიოლოს თაობაზე ინფორმაცია სთხოვა

გასულ დღეებში იტალიურ მედიაში ნიკოლო ძანიოლოს რომადან წასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთმა გავლენიანმა წყარომ დააფიქსირა და მისი გაფორმების ერთ-ერთ პოტენციურ გუნდად მილანი მოიაზრება.

წყაროების ინფორმაციით, მოურინიოსა და ძანიოლოს შორის დაძაბული ურთიერთობა არის, რაც ჯენოასთან მატჩშიც დადასტურდა, როდესაც ჟოზემ ძანიოლო სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა ფელიქს აფენა-გიანე შეიყვანა.

იტალიელი ჟურნალისტის სებასტიან სარნოს ცნობით, როსონერიმ რომას ძანიოლოს თაობაზე უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა და მილანმა მხოლოდ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ წყაროს მტკიცებით, ნიკოლო ჯალოროსის დატოვების და მილანში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.