Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საუთგეიტი:“ იტალიის დონემდე ბევრი გვაკლია…“

ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა იტალიასთან მატჩის წინ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იტალიას ბოლო 2 წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი და რობერტო მანჩინის მუშაობით გაოცებული დავრჩი.

„ჩვენ ვიცოდით, რომ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩარჩენის შემდეგ, ისეთი საფეხბურთო ქვეყანა როგორიც იტალიაა, ძალიან მოტივირებული იქნებოდა. თუ სწორად მახსოვს, იტალიას 12 ნახევარფინალი და 10 ფინალი აქვს ნათამაშები, რაც ჩვენთან შედარებით წარმოუდგენელი შედეგია.

„ინგლისს იტალიის დონეზე ასასვლელად ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი.“

იტალია 15 წლის წინ ამ დღეს 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიპოვა, რაც მათთვის რიგით მე-4 გახლდათ. აძური ევროპის ჩემპიონი ერთხელ, 1968 წელს არის გამხდარი, ფინალში კი 2000 და 2012 წელს აქვს ნათამაშები.

ინგლისისთვის კი ეს პირველი ევროპის ჩემპიონატის ფინალია და ტიტულის მოგების პირველი შანსი 1966 წლის შემდეგ.

„იტალიას ძალიან გამორჩეული თამაშის სტილი აქვს, გუნდური სული და დადებითი ენერგია მათგან აშკარად იგრძნობა, ტაქტიკურად კი როგორც ყოველთვის იტალიელები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.

„მოკლედ რომ ვთქვათ, წინ შესანიშნავი დაპირისპირება გველოდება, რომელშიც ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს ის, რომელიც შეხვედრას უფრო მომზადებული შეხვდება.“