Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს გუნდებმა სალერნიტანას ბედი გადაწყვიტეს

როგორც უკვე მოგახსენეთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სალერნიტანას ახალი მფლობლეების საპოვნელად დრო 31 დეკემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სერია ა-ში ახლად აღზევებულ გუნდს დაუყოვნებლივ დაქვეითება ემუქრება.

მოგეხსენებათ, სალერნიტანას და ლაციოს ერთი მფლობელი – კლაუდიო ლოტიტო ჰყავს, რაც FIGC-ს წესების მიხედვით აკრძალულია და სეზონის სტარტზე იტალიელ ბიზნესმენს გუნდის გასაყიდად დრო 31 დეკემბრამდე მისცეს, თუმცა ჯერჯერობით სალერნიტანას ყიდვით დაინტერესებული მხარე არ გამოჩენილა, დრო კი ფაქტობრივად აღარ დარჩა.

დღეს სერია ა-ს გუნდების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სალერნიტანას დარჩენა-არდარჩენის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა შედგა.

ლაციოსა და სალერნიტანას გარდა, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ, თვრამეტივე გუნდის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს, რომ გუნდს მეტი დრო მიეცეს, რომ ახალი მფლობელები იპოვნოს, თუმცა საბოლოო სიტყვას მაინც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყვის…