Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ში ქომაგების 75 პროცენტის დაბრუნება იგეგმება

სპორტის მინისტრის მოადგილემ ვალენტინა ვეცალიმ დაადასტურა, რომ მან იტალიის მთავრობას სტადიონზე ქომაგების 75 პროცენტის დაშვების უფლებით მიმართა.

2020 წლის დასაწყისის შემდეგ თითქმის ყველა სპორტი მაყურებლების გარეშე ტარდება, თუმცა ვაქცინაციის წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი სტაბილურობისკენ მიდის და იტალიაში სპორტულ ღონისძიებებზე ქომაგების დაბრუნებას სერიოზულად განიხილავენ.

„მე იტალიის მთავრობას სტადიონებზე ქომაგთა 75 პროცენტის დასწრების უფლება ვთხოვე, დახურულ სპორტულ ზონებში კი – 50, მაგრამ ეს ციფრები მხოლოდ თეთრ ზონაში მყოფი რეგიონებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ყვითელ ზონებს რაც შეეხება, ღია სივრცეებში მაქსიმუმ 1,000, დახურულში კი 500 ადამიანის დასწრებაზე არის საუბარი.“

სერია ა-ს სეზონი 21 აგვისტოს იწყება, მაგრამ ჯერჯერობით ბილეთების გაყიდვა არც ერთ გუნდს არ დაუწყია, რადგან უცნობია, თუ რამდენი გულშემატკივარი მოახერხებს სტადიონზე მისვლას.