Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ იმედია დონარუმა თავისი გადაწყვეტილებით ბედნიერია“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ახალი სტადიონის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, მალდინის მნიშნელობაზე გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ დონარუმა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„პროექტის მიხედვით, ახალი სტადიონი ახალნდელი სან სიროს გვერდით უნდა აშენდეს. ქალაქის მერმა სალამ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, მოიწონა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე საბოლოო შეთანხმებაც შედგება.

„მათ სურდათ, რომ ახლანდელი სან სიროს რეკონსტრუქცია განგვეხილა, მაგრამ ეს შეუძლებელია. სტადიონის რეკონსტრუქციას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება, ჩვენ არ შეგვიძლია, თან მატჩები ჩავატაროთ, თან ქომაგებს ვუმასპინძლოთ და თან სტადიონის რეკონსტრუქცია მოვახდინოთ.

„ქალაქში არ არსებობს ალტერნატიული სტადიონი, რომელიც მილანს და ინტერს სახლში თამაშის საშუალებას მისცემს იქამდე, სანამ ჩვენ რეკონსტრუქციას განვახორციელებთ, ამიტომ ახალ სტადიონს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ისეთივე ამბიციურები ვერ ვიქნებით, როგორც სხვა გუნდები, თუ მათსავით შემოსავლებს არ გავზრდით, სტადიონი კი ამაში ძალიან დაგვეხმარება.

„გუნდები, რომლებსაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვუპირისპირდებით, წლიურად სტადიონებიდან 100 მილიონზე მეტს იღებენ, მილანი კი მხოლოდ 35-ს…

„მილანის მიზნები ? გუნდი ძალიან სანახაობრივ და კარგ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ფეხბურთელების და მწვრთნელის ამბიციით ბედნიერები ვართ, თუმცა მე ბიზნესმენი ვარ და ცრუ იმედებს ვერ შევიქმნი. ჩვენთვის მთავარი ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად თამაშია და თუ სკუდეტოს მოპოვებასაც მოვახერხებთ, ბედნიერები ვიქნებით.

„დონარუმას გუნდიდან წასვლა ? ამ საკითხებზე პირველ რიგში პაოლო მალდინი და ივან გაზიდისი მუშაობენ. თუ ფეხბურთელს და მის აგენტს აქვთ ისეთ მოთხოვნილებები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, ჩვენ მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ და თანამშრომლობას ვწყვეტთ. ჩვენ მოვახერხეთ და მენიოს დონის კიპერი დავიმატეთ, რომელმაც თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები უკვე ყველას დაანახა. იმედია დონარუმა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს, ჩვენ კი მოვლენების განვითარებით ბედნიერები ვართ.

„დონარუმას მხრიდან თავისი კომფორტის ზონის დატოვება მამაცური გადაწყვეტილება იყო და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.   

„მალდინი ? ის გამორჩეული ჩემპიონი, ჭეშმარიტი მილანისტა და ჯენტლმენია. ის დირექტორის რანგში საგრძნობლად განვითარდა და ფეხბურთელების დარწმუნება ძალიან კარგად ეხერხება.

„იბრა ? მას აქვს ყველაფერი, რომ მომავალში დირექტორი გახდეს. არ ვიცი, შედის თუ არა ეს მის ინტერესებში, მაგრამ ზლატნს ყველაფერი აქვს, რომ ეს გააკეთოს.“