Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი იუვენტუსის წინააღმდეგ…“

მაქს ალეგრის შემდეგ (იხილეთ აქ), სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელიც მარადონას სახელობის სტადიონზე, ნაპოლისა და იუვენტუსს შორის გაიმართება, პრეს-კონფერენცია ლუჩიანო სპალეტიმ გამართა.

„რომელი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს მატჩი ? ვფიქრობ, რომ ორივე გუნდისთვის პირდაპირ კონკურენტთან პოზიტიური შედეგის მიღწევა თანაბრად მნიშვნელოვანია. იუვენტუსი გამარჯვებისთვის არის შექმნილი და ალეგრის სიტყვების მიუხედავად, რომ მათი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულებაა, ბიანკონერის ჩამოწერა დიდი შეცდომა იქნებოდა.

„ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც შიშით ასპარეზობა არ სჩვევიათ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ნაპოლი, ასევე იუვენტუსი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„ხვალ ჩვენ ორი სხვადასხვა ფილოსოფიის დაპირისპირებას ვიხილავთ. ალეგრისთვის გამარჯვება უპირველესია და სანახაობა მეორე პლანზე იწევს, აქ კი, სადაც მარადონა თამაშობდა, იძულებულები ვართ ჩვენს თამაშს გარკვეული სილამაზე შევძინოთ.

„იუვენტუსს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მათი კონტრ-შეტევები ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენ შეტევის დროს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პასების დროს მაქსიმალურად ზუსტები ვიყოთ.

„რატომ არის რთული იუვენტუსის კარში გოლის გატანა ? ისინი თავს ღრმად იცავენ, რაც შესაბამისად სივრცეების ნაკლებობას ქმნის და მომენტების შექმნას უფრო ართულებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი იდენტობის დაკარგვას არ ვაპირებთ და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რომელსაც ტიფოზები ჩვენგან ელოდებიან.

„რას ვპირდები ქომაგებს ? დაუღალავ შრომას და მონდომებას, მხოლოდ ამ პირობის მიცემა შემიძლია. მე დღის 2/3 ვმუშაობ, ტიფოზები უფრო მეტს იმსახურებენ, თუმცა მე ძილი მჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტიულობას ვკარგავ.”