Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩემპიონთა ლიგა ნაპოლის მთავარი მიზანი იქნება“

ნაპოლის ახალმა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პირველი პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

დრის მერტენსმა რამდენიმე დღის წინ მხარზე ოპერაცია გაიკეთა.

„მე მერტენსს ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ვესაუბრე. მას გუნდთან ერთად ყოფნა ძალიან უნდა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის გატარება საავადმყოფოში მოუწევს, რის შემდეგაც გუნდს დაუბრუნდება.

„მე კი ერთი სული მაქვს, თუ როდის მოგვეცემა შანსი სრულ შემადგენლობასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა და სეზონისთვის მზადება. ნაპოლის ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, რომ გუნდის ზოგმა წევრმა არც კი იცის, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ კოლექტივს. მას შემდეგ, რაც ჩემი ნაპოლიში მოსვლა გადაწყდა, მე გუნდს ყურადღებით ვაკვირდებოდი და მიხაროდა, რომ ამ ფეხბურთელებთან მუშაობა მომიწევს.

„მე და ჩემს საფეხბურთო ხედვას გუნდის დღევანდელი შემადგენლობა იდეალურად ერგება.“

სპალეტი 2019 წლის შემდეგ, როდესაც მან ინტერი დატოვა, უმუშევარი გახლდათ.

„მე ოჯახთან ერთად ბევრი დრო გავატარე, დავისვენე და ძალები აღვიდგინე, რაც ძალიან გამომადგა, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა, რომელმაც ნაპოლის რიგებში მომიყვანა, გუნდში, სადაც ოდესღაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა თამაშობდა და ქალაქში, სადაც ფეხბურთისადმი დამოკიდებულება უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ნეაპოლის მოსახლეობის 90 პროცენტი ნაპოლის დიდი გულშემატკივარია და მათ დამოკიდებულება თავიანთი გუნდის მიმართ აქ ყოველთვის იგრძნობოდა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მათთან ერთად ჩვენ დიდ მიზნებს მივაღწევთ.“

ლორენცო ინსინიეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ უკვე ხშირად საუბრობენ.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე პირველ რიგში ჩვენ ინსინიეს უნდა გავესაუბროთ, რის შემდეგაც კომენტარს ჟურნალისტებთანაც გავაკეთებთ.

„მე ინსინიეს ტელეფონზე უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მისი დარჩენა ძალიან გამახარებდა, მაგრამ სურვილის გარდა არის სხვა პრობლემები, რომლებიც საერთო ძალებით უნდა გადავწყვიტოთ, რობლებსაც მაშინ გავაანალიზებთ, როდესაც ის გუნდს დაუბრუნდება.

„ახლა კი მინდა მას და დი ლორენცოს მივულოცო, რადგან როგორც მათ, ასევე სრულიად იტალიის ნაკრებს გამორჩეული ჩემპიონატი აქვთ და იმედია, რომ ფინალში წარმატებას მიაღწევენ.

„რა იქნება ჩვენი მთავარი მიზანი ? როგორც პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხადა, ჩვენ გუნდში ფინანსური სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, მოედანზე კი უმთავრესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

„სერია ა-ში უკვე ძალიან ბევრი ისეთი გუნდია, რომელიც ოთხეულისთვის იბრძოლებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? გუნდში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. მე და პრეზიდენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ჯერჯერობით უფრო მეტს ვერ გეტყვით.“

იტალიურ მედიაში ემერსონ პალმიერის ნაპოლის ხშირად უკავშირებენ.

„ვესაუბრე თუ არა პალმიერის ? ამ კითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერ გაგცემთ, მაგრამ შესაძლოა ვესაუბრე კიდეც…“