Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტატარუშანუ:“ ჩვენ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია“

მილანის კარის დარაჯმა ჩიპრიან ტატარუშანუმ გუნდის ამბიციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლაუტაროს 11-მეტრიანის მოგერიება ? მე კარიერაში არაერთი პენალტი მაქვს მოგერიებული, თუმცა ნამდვილად არ ვიცოდი, რომ დერბიში მილანის კიპერს 11-მეტრიანი აღებული 40 წლის განმავლობაში არ ჰქონდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება მოვახერხე და გუნდს დავეხმარე. მე ლაუტარო და ინტერის სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც პენალტის დარტყმა შეეძლოთ, შესწავლილი მყავდა.

„ჩვენი ამბიციები ? მე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიციების შესაბამისია. ჩვენ ჯერჯერობით სეზონის საბოლოო შედეგზე არ ვფიქრობთ და თითოეულ მატჩს მაქსიმალური ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა რა თქმა უნდა ტიტულის მოგება შეგვიძლია. სერია ა-ში ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომ ჯერ საუბარი ამ თემაზე ადრეა.

„მენიო ? მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ, ის შესანიშნავი კიპერია, თუმცა მე სათამაში დროის მიღებით ბედნიერი ვარ. როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, ყოველთვის მზად უნდა იყო, რადგან არასოდეს იცი, როდის დასჭირდები გუნდს.

„ჩემი მომავალი ? მილანთან კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი მაკავშირებს, ამიტომ ამ თემაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი ახლა გუნდის დახმარებაა. რა თქმა უნდა, მე აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ამ საკითხზე სასაუბროდ ბევრი დრო გვაქვს.

„იბრა ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ზურგს უდიდესი კარიერა უმაგრებს და ის სწორი ადამიანია იმ ლიდერის როლისთვის, რომელიც მას გუნდში აკისრია.“