Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტეო ერნანდესი:“ მილანში დარჩენა დიდი ხნით მსურს“

ტეომ მილანური დერბის წინ განაცხადა, რომ დიავოლოს რიგებში დიდი ხნით სურს დარჩენა და მისი აზრით, გასული სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იყო.

მილანს Derby Della Madonnina 2016 წლის შემდეგ არ მოუგია და ტეოს იმედი აქვს, რომ ამ ცუდ სერიას გუნდი 17 ოქტომბერს დაასრულებს.

„ჩვენ დერბის კარგად მომზადებულები ვხვდებით. არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობთ და გვინდა გავაგრძელოთ ის წარმატებული სვლა, რაც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ავიღეთ.

„ჩვენ მოგება შეგვიძლია. მილანს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და გუნდი ერთიანია, გულშემატკივრები ზურგს გვიმაგრებენ, ამიტომ ჩვენ მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აშრაფ ჰაკიმის რეალიდან კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ რა შეუძლია, თუმცა მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ჩემი ფლანგიდან  მან ხიფათი ვერ შეგვიქმნას.

„იბრა ? ის გუნდისთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. მისი მოსვლის შემდეგ, გუნდში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ის თითოეულ ჩვენგანს გვეხმარება. ზლატანი ნამდვილი ლიდერია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან ერთად არის.

„გასული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. ესპანეთთან შედარებით, აქ ფეხბურთი უფრო ფიზიკური და ტაქტიკურია, თუმცა ადაპტაცია მოკლე დროში გავიარე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

„სიმართლე გითხრათ, ასეთ სწრაფ განვითარებას თავადაც არ ველოდი, რადგან მილანში გადმოსვლამდე რთული 2 წელი მქონდა, თუმცა ვიცოდი, წინსვლის შესაძლებლობა მქონდა. მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო უკანახაზელი გავხდე და ვიცი, რომ ამის რესურსი გამაჩნია.

„ჩემს კარგ თამაშში მალდინის უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მილანში გადმოვსულიყავი. ის ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს, თუ რა კომპონენტში უნდა მოვუმატო.

„პიოლი ? მან გუნდი ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა, თუმცა თავიდანვე ეტყობოდა, რომ წარმატებას მიაღწევდა. ხმები, მისი მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ, ძალიან მაკვირვებდა, რადგან ის საქმეს თავს იდეალურად ართმევდა და საბედნიეროდ პიოლი გუნდში დარჩა, ის შესანიშნავი მწვრთნელია.

„ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და მილანის მაისურით თამაში შესანიშნავი გრძნობაა. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. თუ ამას ვიზავთ, მე თმას წითელ და შავ ფერებში შევიღებავ.“

23 წლის ფეხბურთელი მილანმა 20 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მისი ფასი ახლა თითქმის გასამმაგდა.

„მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან მილანში დიდი ხანი მსურს დარჩენა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“