Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალი:“ კესი ნამდვილი მეომარია, ის არასოდეს ნებდება“

სანდრო ტონალიმ Milan TV-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და საუბარი უდინეზესთან მატჩით დაიწყო, რომელიც 1 – 1 დასრულდა.

„ჩვენ უდინეზესთან მატჩში იმის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, რაც მილანს სურდა და მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში მთელმა გუნდმა სწორედ ეს თქვა.

„ჩვენ ვიცით თუ ვინ ვართ და რა შეგვიძლია. გუნდურად თამაში ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მოედანზე გატარებული 90 წუთის მანძილზე შენი თითოეული თანაგუნდელი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს, ადამიანი, რომლის გამოც ყველაფერს გააკეთებ და თავსაც კი შესწირავ. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ამ მიდგომას ყველა შეხვედრაში ვანახებთ, მაშინაც კი, როდესაც გარკვეული პრობლემები გვაქვს.

„მე ძალიან ხშირად ვუყურებ სურათს, რომელშიც მთელი გუნდი ცენტრშია შეკრებილი და წვიმაში და სიცივეში რიო ავესთან 11-მეტრიანებს ელოდება. ეს სურათი ჩვენ გასახდელშიც დავკიდეთ. ეს გვახსენებს, თუ რა გზა გამოვიარეთ და სადამდე მოვედით.

„ჩვენ ამით ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რადგან ეს შედეგი თავისით არ მოდის, ამისთვის ჩვენ ბევრი ოფლი დავღვარეთ, ძალიან ბევრი ვირბინეთ, ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ის სურათი ჩვენში კარგ გრძნობას იწვევს და მოტივაციას გვმატებს.“

მანჩესტერთან მილანს ძალიან დიდი დანაკლისით მოუწია თამაში, თუმცა კიაერი-კესის ლიდერობით დადებითი შედეგის მოპოვება მოახერხეს.

„ორივე მათგანი მისაბაძი მაგალითია, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ თუნდაც იბრაჰიმოვიჩის ან მწვრთნელისთვის. კიაერი უდიდესი პროფესიონალია, კესი კი ნამდვილი მებრძოლი, რომელიც არასოდეს ნებდება და მზად არის მოედანზე ნებისმიერ წამს, ნებისმიერ მომენტში ბოლომდე იბრძოლოს. ეს ორი ფეხბურთელი გულშემატკივრებს, გუნდს და მწვრთნელს დიდ მოტივაციას აძლევს.

„პიოლი ? ის მე ძალიან მეხმარება როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სტეფანო შესანიშნავი ადამიანია და მთელი გუნდი მის გვერდით ვართ.“