Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალი:“ უბედნიერესი ვარ, ჩემი საყვარელი გუნდისთვის ვთამაშობ“

სანდრო ტონალიმ მილანში გატარებული რამდენიმე თვე შეაფასა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სამპდორიასთან მატჩი ? სწორედ ასეთ თამაშებში, რომელშიც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, გამარჯვებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთი შეხვედრების მოგების შემდეგ თავდაჯერებულობა საგრძნობლად იმატებს.

„პიოლი ? ის მაშინაც კი, როდესაც კორონა ვირუსის გამო სახლში იყო, ჩვენთან კონტაქტს ერთი წუთითაც კი არ კარგავდა. ჩვენ ის ძალიან გვენატრებოდა და ძალიან კარგია, რომ დაბრუნდა. ის ფანტასტიკური პიროვნებაა და მასთან ერთად თითოეული გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა.

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, თუმცა იმას ვაანალიზებთ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა მილანის მაისურის ტარება. ჩვენ უკვე ყველას დავუმტკიცეთ, რომ ამას ვიმსახურებთ. ვიცით, რომ ყველა მატჩში ამ მაისურით მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, ეს ის არის, რასაც მილანში პირველივე დღეს სწავლობ.

„გუნდი ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია, არაფრისთვის არ მიგვიღწევია და ამას კარგად ვაცნობიერებთ.

„თავიდან მილანში ყოფნა მარტივი არ იყო, რადგან მე თვეზე მეტი მოედანზე ფეხი არ მქონდა დადგმული და რითმში ჩაჯდომა გამიჭირდა.

„პირველი თვე აკლიმატიზაციის პერიოდი იყო, შემდეგ კი, როდესაც გუნდს, მწვრთნელს და მის სამუშაო სტილს ეჩვევი, ყველაფერი უფრო მარტივდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენს საყვარელ გუნდში თამაშობ.

„ამბიციები ? ჩვენი ამბიციები არ იზრდება, რადგან ისინი სეზონის სტარტზე უკვე ძალიან მაღალი იყო. გუნდის ნაჩვენები შედეგები უფრო და უფრო გვარწმუნებს, რომ ჩვენ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგვიძლია.“