Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინო ბელოტის შენარჩუნების იმედს არ კარგავს

ანდრეა ბელოტის უკვე დიდი ხანია, რაც მილანს, რომას და რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა ტოროს პრეზიდენტი ურბანო კაირო მისი შენარჩუნების იმედს არ კარგავს.

იტალიელ ფორვარდს ხელშეკრულება ტურინულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის კაპიტანი უფრო მაღალი დონის კლუბში გადასვლას სერიოზულად განიხილავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტორინო ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უკვე უმზადებს, რომელშიც პუნქტი იქნება მითითებული, რომ თუ ტორინო მომდევნო სეზონში ევროპული ტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს, ტორო მას აუცილებლად გაასხვისებს.

წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა ტორინო სერია ა-ში.