Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინო მილანს იანვარში წინადადებით მიმართავს…

მილანის საკუთრებაში მყოფი ტომაზო პობეგა, რომელიც ტორინოში იჯარის წესით ასპარეზობს, ტურინულ გუნდში შესანიშნავ ასპარეზობას განაგრძობს და 22 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა კიდევ ერთი, მიმდინარე სეზონში რიგით მე-4 გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა და ტორომ 3 ქულა მოიპოვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტორინოს თავკაცი ივან იურიჩი პობეგას გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად მიიჩნევს და გრანატა მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

პობეგას კონტრაქტის მიხედვით, ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ და ის სეზონის ბოლოს მილანში უნდა დაბრუნდეს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტი ურბანო კაირო მზად არის მილანს პობეგას სანაცვლოდ იანვარში 12-13 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მილანს თავის მხრივ პობეგას მომავალზე კონტროლის დაკარგვა არ სურს, თუმცა მეორეს მხრივ როსონერი ტორინოს მცველის ბრემერის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც შესაძლოა ორმხრივი ტრანსფერის გასაღები აღმოჩნდეს.