Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტოტის წერილი გარდაცვლილ მამას

ფრანჩესკო ტოტიმ ენცო ტოტის, რომელიც კორონა ვირუსი გამო 2 დღის წინ გარდაიცვალა, წერილი მიუძღვნა.

„გამარჯობა მამა, მე ახლახანს ჩემს ცხოვრებაში 10 ყველაზე მძიმე დღე გამოვიარე. ვიცოდი, რომ შენ მარტო იყავი და ამ ბოროტებას ებრძოდი. მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ შენს გვერდით ვყოფილიყავი და შენთან საუბარი და ჩახუტება შემძლებოდა.

„ახლა ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნება, რადგან სწორედ შენ მასწავლე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდი. შენ მაქციე ძლიერ და გამბედავ ადამიანად, მე შენ ყოველთვის მეყვარები.

„ვისურვებდი, რომ შენი ხმის გაგონება კიდევ შემეძლოს, მენატრება ის მომენტები, როდესაც ერთად ვიცინოდით, მენატრება შენი ღიმილი, შენი თვალები…

„ბოდიში ყველა იმ მომენტისთვის, როდესაც მე შენ ვერ გიგებდი და ყველა იმ წუთისთვის, როდესაც არ გეუბნებოდი – მე შენ მიყვარხარ. მაპატიე ის მომენტები, როდესაც არ გეხუტებოდი, სიტყვებისთვის, რომელიც არ თქმულა და შეცდომებისთვის, რომელიც მე დავუშვი, მაგრამ მადლობა, რადგან ამ ყველაფრის მიუხედავად, შენ ყოველთვის მამა იყავი.

„შენს გარეშე მე ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდი და იმის მიუხედავად, რომ შენ ჩვენთან აღარ ხარ, შენი ღიმილი და შენზე მოგონებები ყოველთვის ჩვენთან დარჩება.

„შენ უამრავი მეგობარი გყავდა  რომელსაც უყვარდი, რადგან შენ რაღაც განსაკუთრებული გქონდა, შენ ყოველთვის ყველას გვერდში ედექი და ყველას მეგობარი იყავი, შენ იყავი და შენ ხარ ჩემი სიამაყე და იმედი მაქვს, რომ იყო მომენტები, როდესაც შენც ამაყობდი ჩემით.

„ნახვამდის მამა, ნახვამდის შერიფ, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.

„ყოველთვის შენი,

„ფრანჩესკო.“