Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტი:“ რომა ყოველთვის ჩემი სახლი იქნება“

რომას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ მომავალში გუნდის მენეჯმენტში დაბრუნება არ გამორიცხა და დასძინა, რომ ქომაგებმა მოურინიოს დრო უნდა მისცენ.

ტოტი სულ ახლახანს ჯალოროსის მთავარი სპონსორის Digitalbits-ის ბრენდის ელჩი გახდა.

„ჩემს თანამშრომლობას DigitalBits-თან რომასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ახლა ფრიდკინებთან საუბრისთვის უფრო მეტი დრო მექნება.

„ოლიმპიკოზე დაბრუნება ? ეს გამორჩეული მომენტი იყო, რადგან მე სტადიონიდან რომას თამაში 2 წელი არ მქონდა ნანახი და სამწუხაროა, რომ მატჩი ასეთი სცენარით განვითარდა.

„რა თქმა უნდა, რომა ჩემთვის უდიდეს ემოციად და მეორე სახლად რჩება და ამას ვერაფერი შეცვლის. მინდა ქომაგებს, რომლებმაც შესანიშნავი დახვედრა მომიწყეს, დიდი მადლობა გადავუხადო.

„მართალია გუნდს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ ფეხბურთელებს გვერდში დგომა სწორედ ახლა სჭირდებათ. ჩვენ მოურინიოს მეტი დრო უნდა მივცეთ და დარწმუნბული ვარ, რომ მისი მუშაობა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

„ტიტულებისთვის საბრძოლველად გუნდს კარგ მწვრთნელთან ერთად, რომელიც რომას ნამდვილად ჰყავს, კარგი ფეხბურთელებიც სჭირდება. მე არავის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ მსურს, მაგრამ მე ჯალოროსის რიგებში ვხედავ კარგ ფეხბურთელებს, თუმცა არა ჩემპიონებს.

„რომაში შესაძლო დაბრუნება ? ჩემი დამოკიდებულება გუნდის მიმართ ყველამ კარგად იცის, ეს ჩემი რომაა, ჩემი სახლი, ამიტომ გამორიცხული არაფერია.“