Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები განაახლა, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტი იტალიაში ჩაფრინდა, სადაც ფიორენტინას გენერალურ დირექტორს ჯო ბარონეს შეხვდა და მხარეებმა ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერბმა ფორვარდმა გადაწყვეტილება შეცვალოს.

სერბ ფორვარდს, რომელიც გოლის გარეშე მოედანს ფაქტობრივად აღარ ტოვებს, მიმდინარე კონტრაქტი იებთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და იმის მიუხედავად, რომ ფიორენტინა მას გუნდის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულებას სთავაზობდა, მის გაფორმებაზე უარი თქვა, რადგან 21 წლის ტალანტს უფრო ამბიციურ გუნდში თამაში სურს.

Corriere Fiorentina-ს ინფორმაციით, გუშინ ვლაჰოვიჩის აგენტი დარკო რისტიჩი ფლორენციაში იმყოფებოდა და გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაუფიქსირა ფეხბურთელის პოზიცია, რომ მას სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება სურს.

ვლაჰოვიჩის სახელი გასული კვირეების განმავლობაში რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად ინტერს, იუვენტუსს და მილანს დაუკავშირეს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში უკვე 12 გოლია და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.