Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომას მეტი ინვესტიცია სჭირდება“

პაულო ფონსეკას თქმით, თუ ჯალოროსის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა, გუნდმა უფრო სტაბილურად უნდა იასპარეზოს და უფრო მეტი ფული უნდა დახარჯოს.

„ჩემი გუნდში მოსვლის შემდეგ რომაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა სტაბილურობა და ბალანსი დაიბრუნოს. ამჟამად სკუდეტოსთვის 2-3 გუნდი იბრძვის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის კი ძალიან ბევრი.

„უნდა გვახსოვდეს, რომ რომამ ახალი პროექტი სულ ახლახანს დაიწყო. გუნდს 14 ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ ახალი, შემტევი ფეხბურთის დანერგვას ვცდილობთ და სერია ა-ში ატალანტას შემდეგ ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ვქმნით.

„ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენ ბევრი ფეხბურთელის მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. იბანესი, მანჩინი, ვერეტუ, პელეგრინი, ძანიოლო, დიავარა და სპინაცოლა სულ სხვა დონეზე ავიდნენ.

„მჯერა, რომ ჩვენ ისეთი გუნდის აშენება მოვახერხეთ, რომელიც თითოეულ შეხვედრაში დომინირებს და მატჩის უმეტეს ნაწილს მეტოქეთა ნახევარზე ატარებს. გვსურს, რომ ამ სეზონში უფრო მეტად დომინანტები ვიყოთ და ბურთის ფლობას უფრო მოვუმატოთ.

„მე ოპტიმისტური პიროვნება ვარ, თუმცა ვიცი, რომ სერია ა-ში რომაზე ბევრად სტაბილური გუნდები არიან, რომლებმაც ჯალოროსიზე ბევრად მეტი თანხა დახარჯეს, თუმცა მე მწამს, რომ ჩვენ ტიტულის მოგებას მოვახერხებთ. იტალიაში თითოეული შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რომამ ტიტული ბოლოს 12 წლის წინ მოიგო.“

მას შემდეგ, რაც დენ ფრიდკინმა რომა შეიძინა, ყველას ეგონა, რომ გუნდში დიდი ინვესტიცია ჩაიდებოდა და გუნდი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფრო მეტს დახარჯავდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ მოხდა.

„მწვრთნელები სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილები არასოდეს ვართ. გუნდს რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება კიდევ სჭირდება, თუმცა პანდემიის გამო ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაციაა და ბევრი ფულის დახარჯვას ამ ეტაპზე ვერავინ ახერხებს.

„კრის სმოლინგის და მხითარიანის დამატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათთან ერთად კი კუმბულას და მოიორალის ტრანსფერი გუნდს ძალიან გააძლიერებს. კარგი იქნებოდა, რომ ჯასტინ კლუვერტის შემცვლელიც მოგვეყვანა, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი იყო.

„დიდ გუნდს 2 დღეში ვერავინ ააშენებს, ამას დრო სჭირდება. უნდა ვთქვა, რომ ტიტულის მფლობელს ფეხბურთისადმი ვნება რომ წყვეტდეს, რომა ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდოდა, რადგან ჯალოროსი და მისი გულშემატკივრები განსაკუთრებულები არიან.“