Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ინტერში ბედნიერი ვარ, თუმცა…“

ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა Corriere della Sera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შკრინიარის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მისი ინტერიდან შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ.

„ჩემი მომავალი ? მე ინტერში ძალიან ბედნიერი ვარ, მილანში ცხოვრება კი მომწონს, თუმცა საზღვარგარეთ ახალი გამოცდილების მიღება ცუდი არასოდეს არ არის.

„როგორც უკვე ვთქვი, მე ინტერში ბედნიერი ვარ და გუნდის დატოვებაზე არ ვფიქრობ, თუმცა არასოდეს იცი, რა მოხდება მომავალში. მე ჯერ გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე არ მისაუბრია, ამისთვის საკმარისზე მეტი დრო გვაქვს.

„რა გრძნობაა ინტერში თამაში ? მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ისტორიული გუნდის რიგებში მომიწევდა თამაში. მართალია მაშინ გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მის დიდებულ ისტორიას ვერავინ დაივიწყებს.

„კონტე ? სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან 4-მცველიანი სქემიდან 3-მცველიანზე გადაწყობა გამიჭირდა, თუმცა ბევრი მუშაობის შედეგად მე მწვრთნელის დავალებებს თავი კარგად გავართვი და ახლა ამ სქემასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

„კონტე ძალიან ხშირად მესაუბრებოდა, თუ რა მოძრაობებს ითხოვდა ჩემგან, ჩვენ ვიდეოებს ვუყურებდით და განვიხილავდით, ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა.

„ანტონიო დიდებული სპეციალისტია, რომელიც გამარჯვებულის მენტალიტეტს თითოეულ თავის ფეხბურთელს გადასცემს.

„ინძაგი ? ის ჩვენი თანაგუნდელივით არის. სიმონეს თითოეული ჩვენგანის კარგად ესმის, ის ჩვენთან ერთად საუბრობს, ხუმრობს და იცინის. ჩვენ ხუმრობას კონტესთანაც ვახერხებდით, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ სკუდეტო გავინაღდეთ.

„ახლა ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ და ვფიქრობ, რომ ქომაგებს ამის ნახვა ჩვენი თამაშიდან გამომდინარე კარგად შეუძლიათ. მე მცველი ვარ, თუმცა ამ სეზონში ძალიან ხშირად შეტევაშიც ვერთვები.

„ჰაკიმის და ლუკაკუს გუნდიდან წასვლა ? ჰაკიმის ჩვენთან ერთად სეზონის წინ მოსამზადებელ ვარჯიშებში მონაწილეობა არც მიუღია და ვიცოდით, რომ ის გუნდს დატოვებდა, ლუკაკუმ კი გვითხრა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა, ინტერს ისიც დატოვებდა.“