Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ჩალჰანოღლუ ფენომენალური ფეხბურთელია“

ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა Gazzetta dello Sport-თან საუბრისას ინტერის ამბიციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კონტეს გუნდიდან წასვლა ? მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, რადგან ჩვენ გასახდელში ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით და რა თქმა უნდა, როდესაც შენ გუნდთან ერთად სკუდეტოს იგებ, ბრძლის გაგრძელება და უფრო მეტის მიღწევა გსურს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამგვარად განვითარდა, ჩვენ კი არა წარსულზე, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

„ინძაგი ? ის ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელია და ასეთი საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის მზად არის. ჩვენ მასთან და მის შტაბთან ერთად საბრძოლველად მზად ვართ.

„ვიბრძოლებთ თუ არა სკუდეტოსთვის ? რა თქმა უნდა, ჩემპიონებს უფრო ნაკლები ამბიციები არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მიღწევის განმეორებას შევეცდებით და ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და დავამტკიცოთ, რომ კვლავ უძლიერესები ვართ.“

იტალიაში გუნდების უმეტესობამ მწვრთნელები შეიცვალეს…

„ინტერმა ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ამჯერად სხვებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ჩვენთან სხვაობა შეამცირონ.

„იტალიის ჩემპიონობა ევროპის ჩემპიონატზე ? მე იტალიის და იტალიელების წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდმა მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა, ორგანიზებული თამაში აჩვენა და ჩემპიონობა დაიმსახურა. მიხარია, რომ აძურის რიგებში ბარელა და ბასტონი ასპარეზობდნენ და მათ სკუდეტოს შემდეგ, ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს. გასულ სეზონში მე, ბასტონიმ და დე ვრეიმ შესანიშნავი ტრიო შევქმენით და ახლა ჩვენ ერთანეთის კიდევ უფრო უკეთ გვესმის.

„ერიქსენის სიტუაცია ? მე ეს მომენტი ტელევიზორში ვნახე და ძალიან შევშინდი. კრისი ოქროს ბიჭია, ის ჯერ ახალგაზრდაა და ჩემპიონია, ჩვენ მას მოედანზე ველოდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა ის კარგადაა.

„ჰაკიმი ? მისი წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, რომელიც ძალიან მოგვენატრება. მის შეცვლაზე ზრუნვა გუნდს და მწვრთნელს მოუწევს, მაგრამ ინტერს ჰაკიმის გარეშეც კი ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ჩვენ სირთულეებისთვის მზად ვართ.

„ჩალჰანოღლუ ? არანაირი მნიშნელობა არ აქვს იმას, რომ ის მილანიდან გადმოდის, ეს ჩვეულებრივი მოვლებაა. ჰაკანი ტექნიკურად ფენომენალური ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი თანაგუნდელი გახდა.“