Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ ჩვენ მილანზე უკეთესი შემადგენლობა გვყავს“

ინტერის თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ნერაძურის რიგებში გატარებული 6 თვე შეაფასა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და მარტივი არ იყო ქომაგების მოლოდინი გაგვემართლებინა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდი რომელუ ლუკაკუმ და აშრაფ ჰაკიმიმ დატოვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი შესანიშნავად არის.

„ჩემი ინტერში ტრანსფერი ? მე იტალიურ კულტურას, ქალაქს და ენას კარგად ვიცნობდი, ამიტომ ადაპტაცია საერთოდ არ გამიჭირდა. სამწუხაროდ სეზონის სტარტზე მცირე ფიზიკური პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი შესანიშნავად არის და ეს ჩემს თამაშზეც აისახება.

„მილანში მე ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავდა, მაგრამ ინტერი უფრო ხარისხიანი გუნდია, მწვრთნელმა კი ძალიან კარგად მიმიღო, ამიტომ მე ჩემი არჩევანით ბედნიერი ვარ.

„მილანში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას დაუღალავად ვცდილობდით, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი გზები გაიყო, შემდეგ კი ინტერი გამოჩნდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ნერაძურის რიგებში ვთამაშობ.

„მილანური დერბი ? მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემთვის ეს ემოციური თვალსაზრისით ძალიან რთული დაპირისპირება იქნებოდა, მაგრამ მე ახლა ინტერის ფეხბურთელი ვარ და ჩემი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

საჯარიმოს გატანილი გოლების კუთხით, ევროპის ტოპ 5 ლიგაში 2014 წლიდან ჩალჰანოღლუზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესის აქვს.

„მე არც კი გავბედავ, რომ ჩემი თავი მესის შევადარო, მაგრამ რაიმე სტატისტიკაში მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.“