Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი და მილანი ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდებიან“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა და ნერაძურის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ მილანური გუნდები ძალიან მალე იქ დაბრუნდებიან, სადაც მათი ადგილია.

„დარწმუნებული ვარ, რომ მილანური გუნდები დაბრუნდებიან, რადგან როგორც ინტერი, ასევე მილანი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიბრუნოთ ფეხბურთის მწვერვალზე.“

ძანეტიმ, რომელიც ინტერის ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა, მილანურ დერბიზეც ისაუბრა.

„დერბი ყოველთვის გამორჩეული და დაძაბული მატჩი გამოდის, რადგან ორივე მათგანს ქალაქში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ეს დაძაბულობა მთელი კვირის განმავლობაში იგრძნობა. მახსოვს, 2009 წელს მილანს 4 – 0 მოვუგეთ და ეს დიდებული შეგრძნება იყო, რადგან მილანი ყოველთვის გამორჩეული ოპონენტი გახლდათ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებას გუნდისთვის დამატებითი მუხტი მოჰქონდა.

„ურთიერთობა მილანის გულშემატკივრებთან ? ჩვენს შორის ძალიან დიდი პატივისცემა არსებობდა. როდესაც მილანის ქომაგები ქუჩაში მხვდებიან, ისინი ავტოგრაფს და სურათის გადაღებას მთხოვენ, ეს ასე იყო მთელი კარიერის განმავლობაში. მილანის გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

„რომელი იყო საუკეთესო მილანი, რომელსაც მე დავუპირისპირდი ? გუნდი, რომელშიც მალდინი, კაკა, ზეედორფი და შევჩენკო თამაშობდნენ… მათ წარმოუდგენლად ძლიერი გუნდი ჰყავდათ.“