Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ინტერს იტალიაში და ევროპაში დომინაცია შეუძლია“

აშრაფ ჰაკიმიმ მიმდინარე სეზონი შეაჯამა და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სეზონში 3 მომენტი იყო ისეთი, რომელმაც ინტერზე დიდი გავლენა მოახდინა: პირველი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა იყო, მეორე იუვენტუსის დამარცხება, მესამე კი მილანურ დერბიში გამარჯვება, რომლის შემდეგაც მილანს 4 ქულით გავასწარით.

„როდესაც ჩვენ ევროპული ტურნირიდან გამოვვარდით ჩვენს თავებს ვუთხარით, რომ სკუდეტოს ხელიდან აღარ გავუშვებდით.

„რატომ ავირჩიე ინტერი ? ანტონიო კონტესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ინტერს ძალიან ამბიციური პროექტი ჰქონდა. მან დამირეკა და მკითხა, თუ რას ველოდებოდი მომავლისგან, შემდეგ ამიხსნა, თუ რამდენად დიდი როლი მექნებოდა მის ინტერში.

„შემდეგ კი მითხრა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით და დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

„კონტეს ყველაზე დიდი სიძლიერე არის ის, რომ მას თითოეული ფეხბურთელისგან შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მან მასწავლა, რომ დაცვაში წარმატებულად თამაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეტევაში და მასწავლა თამაშის ისეთი ასპექტები, რომლებშიც არც თუ ისე ძლიერი ვიყავი.

„ის თითოეულ დეტალზე ბევრს მუშაობს, რაც ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის საქმეს ბევრად აადვილებს, რადგან ჩვენ მატჩის ნებისმიერი განვითარებისთვის წინასწარ ვართ მზად.

„იმედი მაქვს, რომ კონტეს მოსვლის შემდეგ დაწყებული პროექტი გაგრძელდება და ჩვენ როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში დომინანტები გავხდებით, რადგან ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს.“