Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ რონალდუმ იუვენტუსის დატოვება გადაწყვიტა“

მაქს ალეგრიმ ემპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსს ტოვებს.

„ხვალ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელსაც საშინაო არენაზე გავმართავთ და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრას 20,000 ადამიანი დაესწრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„რონალდუ ? მე მას გუშინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ იუვენტუსში დარჩენა აღარ სურს, სწორედ ამიტომ ის განაცხადში შეყვანილი არ იქნება.

„ახლა კი უშუალოდ მატჩზე ვისაუბროთ, რადგან ჩვენ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და კონცენტრაცია სწორედ მასზე უნდა გავაკეთოთ.

„გუნდი კარგად მუშაობს და ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ეს ყველაფერი მოედანზე უნდა ავსახოთ და 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. სამწუხაროდ ჩვენ უდინეზესთან საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

„ჩვენი ფიზიკური კონდიციები დღითი დღე უმჯობესდება, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ჩვენ ისეთი მოტივირებულები ვართ, როგორიც არასდროს. ახლა, როდესაც რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის, მათ კიდევ უფრო მეტის მუშაობა მოუწევთ.

„ჩვენ მენტალურად უნდა მივიდეთ იმ დონეზე, რომ უდინეზესთან განვითარებული მოვლენები აღარ დავუშვათ და როდესაც ამის შანსი გვაქვს, თამაში უნდა მოვკლათ.

„კრიშტიანუს წასვლა ? ამის გამო მოწყენილი არ ვარ. იუვენტუსში ბევრი დიდი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც წავიდნენ: პლატინი, დელ პიერო, ზიდანი…

„რონალდუმ გუნდში 3 წელი გაატარა, თავისი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და წავიდა, ცხოვრება ასეთია და ჩვენ შრომას ჩვეული ტემპით ვაგრძელებთ. ის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი და შესანიშნავი თანაგუნდელი იყო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ჩვენ ემპოლისთან მატჩზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია.

„წინა შაბათს მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ტაქტიკური მიზეზების გამო მისი სათადარიგოთა სკამზე დარჩენა უკეთესი იქნებოდა. ის დამეთანხმა და მითხრა, რომ იუვეში დარჩენას აპირებდა, ახლა კი მას წასვლა სურს და ჩვენ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, რომ მას წარმატებები ვუსურვოთ.

„მისი შემცვლელი ? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო დარჩენილი არ არის. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ შემადგენლობა გავაძლიეროდ, კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ძალიან მალე არტურიც დაგვიბრუნდება.

„მაკკენი ? მისი გაყიდვა არც კი გვიფიქრია, ის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც გუნდს გამოადგება.

„სასტარტო შემადგენლობა ? ამ თემაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

„კინის ტრანსფერი ? ახლა იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მართებული არ არის.

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლებსაც გამარჯვება სჭირდებათ, რადგან გამარჯვება თავდაჯერებულობას ზრდის. უდინეზესთან ნაჩვენები მატჩით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ჩვენ ასე მარტივად ქულები არ უნდა დავკარგოთ.

„ჩვენ ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ გუნდის საბოლოო მიზნებისთვის ბრძოლა მოვახერხოთ, ეს კი იუვენტუსში ყოველთვის გამარჯვება იყო და არასოდეს შეიცვლება.“