Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენტაკური:“ იუვენტუსი ტიტულისთვის ყოველთვის იბრძოლებს“

იუვენტუსის ურუგვაელმა ნახევარმცველმა, როდრიგო ბენტაკურმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში მოედანზე ძალიან ძლიერი მენტალობით და გამარჯვების სურვილით გავდიოდით, თუმცა ფიორენტინას წინააღმდეგ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

„ამ თამაშმა ნათლად დაგვანახა, რომ თითოეულ შეხვედრას პირველივე წამიდან მაქსიმალური კონცენტრაციით და სწორი მიდგომით უნდა შევხვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვება ძალიან რთული იქნება.“

იუვენტუსი ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა, თუმცა ტურინელებს ერთი მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ მარაგში აქვთ.

„ჩვენ სკუდეტოსთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით და ეს თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის. იუვე ასეთ რთულ სიტუაციაში აქამდეც ყოფილა, როდესაც მეტოქეს 10 ქულაზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა გუნდმა სკუდეტოს მოგება მაინც მოახერხა.

„ყველა მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენ ყურადღება მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ და ყველა ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„პირლო ? მისნაირი მწვრთნელის ყოლა ჩვენთვის დიდი პატივია. სათადარიგოთა სკამისკენ გახედვა და ასეთი ლეგენდარული ფიგურის ნახვა გამორჩეული გრძნობაა. ვიცი, რომ წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ჩვენ პირლოს ხედვა ძალიან მოგვწონს. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ, რადგან ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ.“

2020 წელი ბევრი ოჯახისთვის რთული და ტრაგიკული აღმოჩნდა და გამონაკლისი არც როდრიგო ბენტაკური გახლდათ.

„ამ წელს მე ის ვისწავლე, რომ თითოეული დღე ისე უნდა გავატაროთ, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს.

„რამდენიმე დღის წინ, ბუენოს აირესში ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა, რომელცი ჩემი ასაკის იყო. ამის შემდეგ მივხვდი, რომ შენ არასოდეს არ იცი, რა გელის ხვალ, ამიტომ ოჯახს ხშირად უნდა უთხრა, თუ როგორ გიყვარს ისინი, რადგან ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.“