Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიაში პიოლის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორამციით, თუ მილანი მიმდინარე სეზონს ოთხეულში არ დაასრულებს, როსონერი სტეფანო პიოლის გუნდიდან გაუშვებს.

მილანს ამ ეტაპზე იუვენტუსის და ნაპოლის მსგავსად 66 ქულა აქვს, მაგრამ გოლების სხვაობის გამო ორივე მათგანს ჩამორჩება და მე-5 ადგილზე იმყოფება.

Gazzetta dello Sport-ის და Calciomercato-ს მტკიცებით, თუ როსონერი ოთხეულში ადგილის დაბრუნებას და მის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს, რაც გუნდის კალენდარიდან გამომდინარე მას საკმაოდ გაუჭირდება, იტალიელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს.

როსონერის ქულათა საშუალო რაოდენობა 2021 წელს 2.26-დან 1.6-მდე შემცირდა.

მილანი ზამთრის ჩემპიონი გახდა და თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ის გახდება პირველი გუნდი სერია ა-ს ისტორიაში, რომელიც ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ პირველი ადგილიდან მე-5 ადგილზე ან უფრო ქვევით დაასრულებს სეზონს.

Calciomercato იმასაც ამტკიცებს, რომ თუ სტეფანო პიოლი გუნდს დატოვებს, მის ადგილს ვერონას ივან იურიჩი დაიკავებს, თუმცა არც მაქს ალეგრის დავიწყება შეიძლება, რომელიც ბოლო მწვრთნელია მილანში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა – 2012-13 წლების სეზონში.