Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ გამარჯვება სეზონის დასრულება იქნება“

ჯორჯო კიელინიმ კორონა ვირუსის სიტუაციაზე ისაუბრა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ რონალდუს ვირუსი აქვს, ცოტა ხნის წინ კი იტალიის ნაკრების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აძურის გარემარბი, სტეფან ელ შაარავიც ინფიცირებულია.

„სიტუაციის ესკალაცია ბოლო კვირეებში გასაკვირი არ არის, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი გავაგრძელოთ.

„პირველ რიგში გაჩერება ეკონომიკური კუთხით არ შეგვიძლია, რადგან ფეხბურთი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მომავალ კვირეებში ქვეყანას შეზღუდვების გამკაცრება მოუწევს და ჩვენ, ფეხბურთელები მზად ვართ, რომ რისკზე წავიდეთ და ადამიანების სახლში ყოფნის პერიოდი შედარებით შევამსუბუქოთ.

„კრიშტიანუს უკვე ვესაუბრე და ის თავს კარგად გრძნობს. ის გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება. ვიცით, რომ წინ რამდენიმე რთული თვე გველოდება, თუმცა ისიც ვიცით, რომ ფეხბურთი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„თითოეული ჩვენგანის გამარჯვება სეზონის ჩამთავრება იქნება და საბოლოო შედეგები მეორე პლანზე გადაიწევს.“