Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ინტერმა შახტარი საშუალო გუნდს დაამსგავსა“

ანტონიო კონტემ დონეცკის შახტარის 5 – 0 განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ინტერის ფონზე შახტარი საშუალო გუნდს ჰგავდა.

„ჩვენ ფინალში გასასვლელად ისეთი გუნდი დავამარცხეთ, რომელიც იმაზე ძლიერია, ვიდრე დღეს გამოჩნდა. შახტარს ძალიან ბევრი ტალანტი ჰტავს, თუმცა ჩვენმა პრესინგმა მათ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ მათ ვაიძულეთ, რომ უკან დაეხით, რაც მათთვის უჩვეულო მდგომარეობაა და მათი შეცდომებიც ამას მოჰყვა.

„გუნდს კარგი გეგმა ჰქონდა, მას ზედმიწევნით მივყევით და ევროპა ლიგის ფინალში გავედით. ჩვენი კარგი თამაშის ფონზე შახტარი საშუალო დონის გუნდს ჰგავდა.“

ინტერი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევროპა ლიგის ფინალში გააღწია პარმას შემდეგ, რომელმაც ფინალი 1999 წელს ითამაშა.

„ეს ფაქტი ყველასთვის ძალიან სასიამოვნოა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ გუნდის უმეტესობა ასეთი სტატუსის თამაშში მონაწილეობას პირველად იღებს და ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ.

„სევილიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თუ სწორად მახსოვს, მათ ეს ტურნირი ბოლო 6-7 წელიწადში 4-ჯერ მოიგეს, თუმცა ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ხალხი გავაკვირვოთ…

„ახლა გუნდმა უნდა დაისვენოს და შემდეგ იგივე შემართებით და მიდგომით ფინალის მოსაგებად გავიდეთ, რადგან ინტერის გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს და ისინი გუნდის წევრებით, რომლებიც მოედანზე სულს და გულს დებენ, იამაყებენ.

„მე ყოველთვის ვიძახი, რომ მოედანი გუნდმა ყოველგვარი სინანულის გარეშე უნდა დატოვოს. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და თუ წავაგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგემ გვაჯობა.“

კონტემ იმ სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი, რაც სერია ა-ს ბოლო ტურის შემდეგ თქვა და რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

„ეს სიტყვები მე აუცილებლად უნდა მეთქვა და ნამდვილად არ ვნანობ. მე რასაც ვამბობ, ყველაფერი გუნდის სასიკეთოდ არის მიმართული. მედიას ყველაფრის გაბუქება უყვარს.

„ყველა ის შრომა, რაც ჩვენ მთელი წლის მანძილზე გავწიეთ, საბოლოო შედეგებს გვაჩვენებს. მე მწამდა, რომ თუ მუშაობას გავაგრძელებდით, სეზონის ბოლოს ფორმის პიკზე გავიდოდით და ასეც ხდება.

„ჩემი აზრით, Coppa Italia-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მეტი დავიმსახურეთ, თუმცა გარკვეული ჩავარდნები გვქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

„თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი ნეგატიური პერიოდიდანაც იღებ საჭირო გაკვეთილებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

„ჩვენ ევროპა ლიგის მოგება გვსურდა და ფინალში ვართ, მოდით, დავტკბეთ ამ მომენტით და სევილიაზე ფიქრი ხვალიდან დავიწყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *