კრუზი:“ ინტერს აქვს ყველაფერი, რომ იუვე დაამარცხოს და ფინალში გავიდეს“
ინტერის ყოფილმა ფორვარდმა ხულიო კრუზმა იუვენტუსი – ინტერის მატჩზე ისაუბრა.
ანტონიო კონტეს გუნდი კოპა იტალიას ნახევარფინალში იუვეს დღეს ტურინში, 23:45 საათზე დაუპირისპირდება. ბიანკონერიმ პირველი მატჩი 2 – 1 მოიგო და დღეს დიდი უპირატესობა აქვთ.
„მე მჯერა, რომ ინტერს იუვეს დამარცხება და ფინალში გასვლა შეუძლია. პირველი მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა ნერაძურის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იუვენტუსი დაამარცხოს და ფინალში გავიდეს.
„ინტერს უკვე დიდი ხანია ტიტული არ მოუგია და დრო მოვიდა, რომ ეს შეიცვალოს.“
კრუზმა ლუკაკუ – ლაუტაროს დუეტზეც ისაუბრა.
„Lu-La-მ შესანიშნავი დუეტი შექმნეს. ლუკაკუს პერსონალურად არ ვიცნობ, თუმცა მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი გავლენა გუნდზე ძალიან დიდია, ის ყველაფერს კარგად აკეთებს.
„ლუკაკუს და ლაუტაროს ერთად თამაში აშკარად სიამოვნებს და ეს მოედანზე სხვაობას ქმნის. ლაუტაროს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემპარვია. მას დრო სჭირდებოდა, რომ ახალი ჩემპიონატისთვის ალღო აეღო, თუმცა ახლა ის დიდებულ ფორმაშია.“
კრუზმა ინტერში 197 მატჩი ჩაატარა და 75 გოლის გატანა მოახერხა. მისი გუნდში ყოფნის პერიოდში ნერაძურიმ 4 სკუდეტო, 3 სუპერ კოპა და 2 კოპა იტალია მოიგო.