Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

3 ფორვარდი იუვენტუსის რადარზე…

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ფერნანდო ლორენტეს, სიმონე ძაძას ან ლეონარდო პავოლეტის გაფორმებას შეეცდება.

ანდრეა პირლოს შემადგენლობაში ალვარო მორატას შემცვლელი სჭირდება და მაესტრომ გუნდის ხელმძღვანელობას კლასიკური ფორვარდის გაფორმება სთხოვა.

ლორენტეს კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსი მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ ფეხბურთელი პარტენოპეისთან კონტრაქტს გაწყვეტს და თავისუფალი აგენტი იანვარშივე გახდება.

ლორენტე, რომელიც ამჟამად სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იუვენტუსში 2013-15 წლებში თამაშობდა და 92 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა.

სიმონე ძაძა კიდევ ერთი ყოფილი იუვენტუსის ფეხბურთელია, რომლის დაბრუნებასაც ბიანკონერი განიხილავს. ძაძა ტურინელთა რიგებში 2015-16 წლების სეზონში თამაშობდა, 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს ვესტ ჰემში გადავიდა.

პავოლეტი კი ამ სიაში ყველაზე ნაკლებადმოსალოდნელი ტრანსფერია, რადგან იუვენტუსს სათადარიგო ფორვარდის გაფორმება მაქსიმალურად დაბალ ფასად, ან საერთოდ უფასოდ სურს.