Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

5 თავისუფალი აგენტი მილანის რადარზე

როსონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს, გუნდის დირექტორები კი მომდევნო სეზონისთვის უკვე ემზადებიან და შემადგენლობის გაძლიერებისთვის შესაბამის კანდიდატებს ეძებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მილანს საკმაოდ მსუყე თანხას მოუტანს, მაგრამ ხმაურიანი ტრანსფერების განსახორციელებლად და ყველა პოზიციის გასაძლიერებლად ეს საკმარისი არ იქნება, ამიტომ გუნდი რამდენიმე თავისუფალი აგენტის გაფორმებას შეეცდება.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტი რამდენიმე ტოპ დონის ფეხბურთელს აკვირდებიან, რომლებიც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტები გახდებიან და მათი დამატება გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, მილანი მადრიდის რეალის ლეგენდარული ფეხბურთელის სერხიო რამოსის დამატებას სერიოზულად განიხილავს, რომელიც ბლანკოსთან ახალ კონტრაქტზე უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდება. რამოსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი კუმირი პაოლო მალდინი არის, მაგრამ მილანს მისი გაფორმება მაღალი ხელფასის გამო გაუჭირდება, იგივეს თქმა შეიძლება სერხიო აგუეროსა და ედინსონ კავანის შესახებაც.

სიაში დარჩენილი ორი ფეხბურთელის მილანში ხილვა უფრო რეალურია. მემფის დეპაი და ფლორიან ტაუვინი უკვე დიდი ხანია, მილანის ინტერესთა სფეროში მოექცა.

მემფის დეპაისთან მიმართებაში საქმეს ის ართულებს, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელს არაერთი გრანდი ეპატიჟება, ტაუვინის მილანში ხილვა კი ჩამოთვილთაგან ყველაზე რეალურია.

ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა, მილანს ელსეიდ ჰიუსაი, ემერსონ როიალი და იულიან დრაქსლერიც დაუკავშირეს, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ მიმართ მილანის ინტერესზე სიახლე აღარ ისმის.