Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

6 ფეხბურთელი მილანის სიაში ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად

სიმონ კიაერის და მატეო გაბიას ტრავმებმა მილანის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ გუნდს დაცვის ცენტრალურ ზონაში გაძლიერება სჭირდება.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ პიოლი მატეო მუსაჩოს და ლეო დუარტეს არ ენდობა და დიდი ალბათობით ორივე მათგანი მილანს უახლოეს პერიოდში დატოვებს, ტიტულისთვის საბრძოლველად კი მილანს იანვარში მინიმუმ ერთი მცველის დამატება მოუწევს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინის და მასარას 6-კაციანი სია აქვთ შედგენილი, რომლის მიხედვითაც იანვარში იხელმძღვანელებენ.

ამ სიაში პრიორიტეტული სამიზნეები შალკეს იზან კაბაკი და სტრასბურგის მოჰამედ სიმაკანი იქნებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელთან მილანმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მის ტრანსფერამდე 5 მილიონი ევრო აშორებს.

სხვა ვარიანტები კი ვერონას მატეო ლოვატო, ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩი, 20 წლის ლენსის უკანახაზელი ლიოჩ ბადე და აიაქსის პერ შურსი არიან.