Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

7 რამ, რაც იუვენტუსმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უნდა გააკეთოს

2020 წლის გაზაფხულში იუვენტუსმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დანიშნა. ლეგენდარული ფეხბურთელი, თუმცა ახალბედა მწვრთნელი, რომელსაც გუნდის გაწვრთნის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია.

იუვენტუსს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სტარტი გამოუვიდა და ლიდერ მილანს მთელი ათი ქულით ჩამორჩება, თუმცა ალბათ ეს პირლოს გამოუცდელობის ფონზე გასაკვირი არავისთვის იყო.

პირლოს და იუვენტუსის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა სეზონის სტარტზე ვეტერანი და ბალასტი ფეხბურთელების გაშვება მოახერხა და გუნდში ახალგაზრდა, გამორჩეული ტალანტის მქონე ფეხბურთელები დაიმატა, თუმცა სეზონის პირველმა ეტაპმა ნათლად დაგვანახა, რომ იუვეს გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება მაინც სჭირდება.

1. გამოისყიდოს უესტონ მაკკენი

იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ამერიკელი ფეხბურთელი უესტონ მაკკენი გახდა, რომელიც ბიანკონერის სეზონის სტარტზე იჯარის წესით შალკედან შეუერთდა და ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელიც გახდა.

მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომ თუ მაკკენი იუვეს მაისურით გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს, ტურინელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ, თუმცა ამერიკელი ფეხბურთელის თამაშიდან გამომდინარე იუვე 18-მილიონიან ჩეკს უკვე ამზადებს და დიდი ალბათობით მას იანვარში გამოისყიდის.

2. გადაწყვიტოს პაულო დიბალას მომავალი

იუვენტუსს დიბალას მომავალზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს. არგენტინელმა ფეხბურთელმა იუვენტუსს სიყვარული არაერთხელ შეჰფიცა და გუნდში დარჩენის სურვილი დააფიქსირა, თუმცა ცხადია, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის და კონტრაქტზე გაჭიანურებული საუბარი მის თამაშზეც აისახება.

იუვენტუსის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშეს კონტრაქტი 18 თვეში ეწურება და რამდენიმე თვეა იწერება, რომ დიბალა და იუვე ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შედეგი არ ჩანს, დრო კი გადის და იუვეს ალბათ არ სურს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტის ბოლო წელი დაიწყოს და მისი გაყიდვა დაბალ ფასად მოუწიოს, ამიტომ მათ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად მოკლე დროში მოუწევთ.

ლა ჯოიას უნდა დარჩენა, თუმცა შესაბამისი პირობების სანაცვლოდ და ახლა იუვენტუსის გადასაწყვეტია, სურს თუ არა გუნდს არგენტინელის სურვილების დაკმაყოფილება.

3. გაყიდოს ფედერიკო ბერნარდესკი

ბერნარდესკის ტურინული კარიერა თავიდანვე არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და ყველასთვის ნათელია, რომ ერთ დროს უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი იუვეს ადრე თუ გვიან ისე დატოვებს, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ვერ მოახერხებს.

ყველამ ვიცით, რომ ის ცუდი ფეხბურთელი არ არის და როგორც იუვენტუსისთვის, ასევე თავად იტალიელისთვის აჯობებს, თუ ის სხვა გუნდში გადაბარგდება და ყველაფრის ახლიდან დაწყებას შეეცდება. ბერნარდესკის არაერთი მაღალი დონის გუნდი ეპატიჟება და იუვეს მისი გაყიდვა ან გაცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

4. გაიფორმოს გამთამაშებელი (პოლ პოგბა)

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტაქტიკით თ სქემით თამაშობს პირლოს გუნდი, ყველა მატჩსი ნახევარდაცვას რაღაც აკლია. სანამ უესტონ მაკკენი იუვენტუსის გულშემატკივრებს თავისი ბრძოლის სურვილით, მონდომებით და ჟინით თავს აყვარებდა, აარონ რემსის, ადრიენ რაბიოს და არტურ მელოს თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

იუვეს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ხაზიდან ბურთს ამოიტანს და შემტევებს მოამარაგებს, ფეხბურთელი, რომელმაც პასიც იცის და დრიბლინგიც არ ეშლება, ფეხბურთელი, რომელიც მორატა-რონალდუს დუეტს ნახევარდაცვიდან გოლებს მიაშველებს, მოკლედ რომ ვთქვათ, იუვეს სჭირდება პოგბა… და პოგბასაც სჭირდება იუვე.

როგორ მოახერხებს იუვენტუსი მანჩესტერის დარწმუნებას და სად მოიძიებს თანხას ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ იუვეს ნახევარდაცვაში ყველაფერი რიგზე არ არის.

5. გააძლიეროს შეტევის ხაზი

ალვარო მორატამ იუვენტუსს იმედები არ გაუცრუა და ტურინში დაბრუნების შემდეგ უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ იუვეს მის გარდა კიდევ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.

მორატას და რონალდუს გარდა, იუვეს შემადგენლობაში გოლის გატანას იშვიათად თუ ვინმე ახერხებს და ალვაროს ტრავმის და დისკვალიფიკაციის დროს კარგად გამოჩნდა, რომ გუნდს შეტევის გაძლიერება სჭირდება.

6. იპოვნოს კუადრადოს ალტერნატივა

ხუან კუადრადო ანდრეა პირლოს გუნდში შეუცვლელი ფიგურა გახდა და ის ერთი მატჩის განმავლობაში რამდენიმე პოზიციასაც კი ითავსებს, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, ის იმ გუნდისთვის, რომელიც ევროპული ტიტულებისთვის იბრძვის, არათუ შეუცვლელი, არც ძირითადი XI უცვლელი წევრი არ უნდა იყოს…

ალბათ დროა იუვენტუსმა ამ პრობლემურ პოზიციაზე ფულის დახარჯვა გადაწყვიტოს და ჩემპიონშიფში მოასპარეზე მაქს აარონსი, რომელიც ნორვიჩის ღირსებას იცავს, იდეალური ვარიანტი იქნება.

7. ჩაანაცვლოს ალექს სანდრო…

იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს FIFA19, 20 და 21, ალექს სანდრო უმაღლესი დონის მარცხენა მცველი არასოდეს ყოფილა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სტაბილური თამაშით ვერც დაცვაში გამოირჩევა და არც შეტევაში თამაში გამოსდის უმაღლეს დონეზე და ისეთი დონის გუნდი, როგორიც იუვენტუსია, ასეთ მნიშვნელოვან როლს საშუალო დონის ფეხბურთელს, რომელიც არც თუ ისე სტაბილურია, არ უნდა ანდობდეს.

პირლო შეეცადა, რომ სანდროს ფლანგზე ჯანლუკა ფრაბოტა ან კიეზა დაეყენებინა და სანდროს სამუშაო გარკვეულწილად შეემცირებინა, თუმცა ამან არ გაამართლა. პირლო შეეცადა, რომ ალექს სანდრო 3-მცველიანი სისტემის ცენტრალურ მცველად ექცია, თუმცა ბრაზილიელმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა და იუვემ ის მატჩი 3 – 0 წააგო.

იუვენტუსმა იანვარში მარცხენა მხარეს მოასპარეზე ცენტრალური მცველი უნდა გაიფორმოს, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეეძლება, ან ფლანგის მცველი იყიდოს, რომელიც ცენტრალურ მცველებს დაეხმარება. ასეთი კი ლეონარდო სპინაცოლაა, ფეხბურთელი, რომელიც იუვემ 2019 წელს რომას მიყიდა და ახლა ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მცველი გახლავთ…