Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის პრეს-კონფერენცია ინტერთან მატჩის წინ

სიმონე ინძაგის შემდეგ (იხილეთ აქ), Derby d’Italia-ს წინ პრეს-კონფერენცია მაქს ალეგრიმ გამართა.

„ხვალ ძალიან კარგი მატჩი გველოდება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. 70,000 ქომაგის წინ თამაში შესანიშნავი გრძნობა და გამოცდილებაა, ეს იტალიის დერბია და ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის.

„იუვენტუსის პროგრესი ? ჩვენ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ უკეთ უნდა წავიკითხოთ მომენტები და ბურთის კონტროლი უკეთ უნდა შევძლოთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იუვენტუსს ბოლო თვეებში ძალიან დიდი პროგრესი აქვს.

„სიტუაცია ცხრილში ? 15-ქულიანი ჯარიმის ფონზე, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იუვენტუსი თითოეული ქულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ მოედანზე 53 ქულა მოვიპოვეთ, ამ შედეგით კი მეორე პოზიციაზე ვიქნებოდით.

„ვერდიქტს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აპრილის ბოლოს ველოდებით, იქამდე კი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოედანზე ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვოთ.

„კიეზა და დი მარია ? ჯერჯერობით არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ისინი თამაშს, ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ. გუნდს არ ეყოლება კინი და მილიკი, ამიტომ შეტევის ხაზში დიდი არჩევანი არ გვაქვს.

„პოგბა ? მისი დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. რთული წარმოსადგენია, რომ ის სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე მზად იქნება, მას გარკვეული დრო დასჭირდება.“