Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მალდინი იანვარში 2 პოზიციის გაძლიერებას ეცდება

მილანი შესანიშნავ ასპარეზობას განაგრძობს. დიავოლოს ზედიზედ 21 მატჩია არ წაუგია და მათ შორის 17 როსონერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სელტიკის 3 – 1 დამარცხების შემდეგ პიოლიმ განაცხადა, რომ გუნდს ტიტულისთვის საბრძოლველად კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აკლია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინის და მასარას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 2 პოზიციის გაძლიერება აქვთ გეგმაში.

პირველი და ყველაზე პრობლემური ცენტრალური დაცვაა. წყაროს ინფორმაციით, დიავოლო ფიორენტინას ახალგაზრდა უკანახაზელის, ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას აპირებს, რომელსაც კონტრაქტი ფიორენტინასთან 2022 წელს უმთავრდება და კომისომ უკვე განაცხადა, რომ თუ ის ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს. ფიორენტინა მილენკოვიჩს 40 მილიონად აფასებს, თუმცა მზად არის, რომ ის კიეზას ფორმულით გაუშვას – იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

მეორე პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც მილანი გეგმავს, ცენტრალური თავდასხმაა. დიავოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის შენარჩუნებას კიდევ ერთი სეზონი გეგმავს, თუმცა მისი ტრავმის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდს მისი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. მართალია რებიჩს და ლეაოს ცენტრში თამაში შეუძლიათ, თუმცა ორივე მათგანი მარცხენა ფლანგზე თამაშს ამჯობინებენ. ყველაზე რეალურ ვარიანტად ამ ეტაპზე ლუკა იოვიჩი რჩება, რომელიც მადრიდის რეალში კვლავ არადამაჯერებლად თამაშობს და არ არის გამორიცხული, რომ სამეფო კლუბმა დიასის შემდეგ მილანში მისი სახით კიდევ ერთი ფეხბურთელი გაანათხოვროს.