დიბალა:“ იუვეს დატოვება მარტივი არ ყოფილა, რომაში ბედნიერი ვარ…“
რომას ფორვარდმა პაულო დიბალამ გამოცემა Diario AS-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რატომ დავრჩი რომაში ? მე აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოურინიოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და ორივეს გვსურს, რომ გუნდს კიდევ უფრო მეტი მივცეთ. ჩვენ გასულ სეზონში ძალიან მნიშვნელოვან შედეგთან ვიყავით ახლოს და იმედგაცრუებულები ვართ, რომ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელით, თუმცა ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვმატებს.
„ჩვენი ამბიციები ამ სეზონში ? გასულ სეზონში სერია ა ძალიან კონკურენტუნარიანი იყო და ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. იტალიაში ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის 7-8 გუნდი იბრძვის, ამიტომ თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
„წაგებული ფინალი სევილიასთან ? ვფიქრობ, რომ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ სევილია ამ ტურნირზე ძალიან გამოცდილი გუნდია, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩვენ მათ მივულოცეთ, მაგრამ ეს მარცხი რთული გადასატანი იყო.
„ჩვენ გვინდა, რომ ამ სეზონში ჩვენი შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
„მორატა რომაში ? მე მასთან ხშირად ვსაუბრობ, ალვარო ჩემი კარგი მეგობარია და მისი რომაში ტრანსფერი ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
„პარედესი ? მისმა მოსვლამ ძალიან გამახარა. ვიცი, რომ მას ქალაქი, ქომაგები და გუნდი ძალიან მოსწონს, მისი ხარისხი აუცილებლად დამეხმარება.
„იუვენტუსის დატოვება ? ეს მარტივი არ ყოფილა და სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელიც იყო. იუვე ჩემი მეორე სახლი იყო და გუნდის დატოვება გამიჭირდა. მე იქ დარჩენა მინდოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. მე იუვეს მადლობელი ვარ, რადგან მათ განვითარების საშუალება მომცეს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“