Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსია:“ ეს ოსიმენის მაქსიმუმი არ არის, ჟელინსკის დარჩენის გამო ბედნიერი ვარ“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, რომელმაც პარტენოპეის რიგებში საქმიანობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ფროზინონესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ გუნდის რეაგირება გოლის შემდეგ ძალიან მომეწონა. ბიჭებმა თავიანთი საქმის გაკეთება მშვიდად გააგრძელეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

„ოსიმენი ? მისი მოქმედება შეტევით ფაზაში შესანიშნავია, მას გოლის დიდებული ალღო აქვს და თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, თუმცა მას დაცვაში უკეთ მუშაობა მართებს და მე მას ეს უკვე ვუთხარი. ვიქტორმა და სხვა შემტევებმა მეტოქე გუნდის მცველები მეტად უნდა შეაწუხონ, ასევე მათ უკან ჩამოსვლა არ უნდა დაეზაროთ. ოსიმენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის.

„კაიუსტეს დებიუტი ? მას არ გაუმართლა, 11-მეტრიანის ეპიზოდში მეტოქეს ვერ ხედავდა, ასეთი რამ ხდება, მაგრამ მან მატჩი მშვიდად განაგრძო და კარგი ტაიმი ჩაატარა. მე მისი შეცვლა მომიწია, რადგან მან ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა საერთო ჯამში კაიუსტეს თამაშით კმაყოფილი ვარ, მას ძალიან კარგი მონაცემები აქვს და ადაპტაციის გავლის შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.

„ჟელინსკი ? ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ პიოტრი გუნდში დარჩა.“