გარსია:“ კვარა ხვალ ვერ დაგვეხმარება, ჩვენ სეზონი პოზიტიურად უნდა დავიწყოთ“
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სეზონის პირველი მატჩის წინ, რომელშიც იტალიის ჩემპიონების მეტოქე ფროზინონე იქნება, პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველოდებით და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება სეზონი. ფროზინონე ძალიან კარგი, ორგნაიზებული და ენთუზიაზმით სავსე გუნდია, მაგრამ ჩვენ სეზონის პოზიტიურად დაწყება გვსურს.
„კვარა ? ის ხვალ ვერ დაგვეხმარება, თუმცა ამას მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით ვაკეთებთ. ის თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო, მაგრამ ჩვენ რისკზე წასვლა არ გვსურს.
„როგორ ფორმაშია გუნდი ? ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ გასული სეზონის წარმატებით არ დავკმაყოფილდეთ და სეზონი ისეთივე შემართებით დავიწყოთ, როგორც ამას გუნდი გასული სეზონის სტარტიდან აჩვენებდა.
„გაბრი ვეიგა ? მე მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე საუბარი შემიძლია, რომლებიც ახლა ნაპოლის რიგებში ირიცხებიან.
„ფავორიტები სერია ა-ში ? ჩვენ ფავორიტთა შორის ვართ, თუმცა წინ რთული სეზონი გველოდება, რომელშიც კონკურენციას არაერთი გუნდი გაგვიწევს. თითოეული ჩვენგანი სეზონს 0 ქულით იწყებს, ჩვენ ვართ მოტივირებულები, გვყავს შესანიშნავი გუნდი და ბრძოლისთვის მზად ვართ.
„ვინ შეცვლის კვარას ძირითადში ? მარცხენა ფლანგზე თამაში როგორც ელმასს და რასპადორის, ასევე ლოსანოს შეუძლია, რომელმაც პსვ-ში საუკეთესო სეზონი სწორედ მარცხენა ფლანგზე ჩაატარა. ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობა შერჩეული არ მყავს და გადაწყვეტილებას დღეს საღამოს მივიღებთ.”