Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:” რეალობას თვალს ვუსწორებ და კარიერას ვასრულებ”

მილანის ლეგენდარულმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ ის საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

41 წლის ფორვარდი ტრავმების გამო ბოლო წლებში სტაბილურად თამაშს ვერ ახერხებდა და იმის მიუხედავად, რომ მას მსურველები ამ ასაკშიც ჰყავდა, ზლატანმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ეს ჩემთვის გამორჩეული დღეა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არავისთვის მითქვამს და ახლა ყველა გაიგებთ, რომ მე კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილების შესახებ გუნდისთვისაც კი არ მითქვამს. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, ახლა თქვენ უფრო ნაკლები სამუშაო გექნებათ.

„ხვალიდან, მე ამ სამყაროსგან თავისუფალი კაცი ვარ. მე ძალიან გრძელი კარიერა მქონდა, რითიც ვამაყობ და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მე ძალა, ადრენალინი, ემოციები მაჩუქა. მადლობა მილანს ყველაფრისთვის, რაც მე გუნდმა მომცა, მადლობა ყველას, ვისთანაც მე სხვადასხვა გუნდებსა და ნაკრებში მითამაშია.

„როგორი იყო ჩემი დღე ? როდესაც გავიღვიძე წვიმდა და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ღმერთიც კი მოწყენილი იყო. ჩემთვის ეს ემოციები ძალიან ძლიერია, 3 თვის წინ კარიერის დასრულებაზე ფიქრიც კი პანიკაში მაგდებდა, ახლა კი რეალობას თვალს ვუსწორებ, მაგრამ ვერ ვუარყობ, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა. მე ფეხბურთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვთამაშობდი, ფეხბურთმა მე კაცად მაქცია, ფეხბურთის დახმარებით უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი.

„მილანი ? ამ გუნდის მიმართ უდიდესი ემოციები მაკავშირებს. მილანმა ბედნიერება მომანიჭა და მეორე სიყვარული მაპოვნინა. პირველივე დღიდან, მე აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.

„მილანი ჩემი მეორე ოჯახია. მე მყავს 2 შვილი, ასევე მე მყავს 25 როსონერი შვილი.

„ვინ იქნება ახალი ზლატანი ? ეს შეუძლებელია, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ზლატანია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი ეგო მაქვს, რადგან ყველა ადამიანი განსხვავდება. როდესაც პატარა ვიყავი, მე ვან ბასტენს მადარებდნენ, მაგრამ მისი მსგავსი არავი ნიყო.

„ჩემი მომავალი ? ახლა დასვენება მინდა და არ ვფიქრობ, რომ ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღება სწორი იქნება. დირექტორობა ან მწვრთნელობა ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მწვრთნელს და დირექტორს ემოციების კონტროლი გევალება. მე არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს სრულიად ჩამოვშორდები, თუ მე დაბრუნება გადავწყვიტე, ამას პირველი საფეხურიდან დავიწყებ და მწვერვალზე ასვლას შევეცდები, როგორც ყოველთვის.“