ინძაგი:“ დერბიში ფავორიტი არ არსებობს, ლეაუს შესაძლო არყოფნა ინტერისთვის არაფერს ცვლის…“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ მილანთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ბოლო მატჩებში ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, გუნდი კარგ ფორმაშია და მილანთან ურთულესი დაპირისპირებისთვის საუკეთესოდ ვართ მომზადებულები.
„ხვალ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვთამაშობთ, ეს არის დერბი, რაც ამ ისედაც უმნიშვნელოვანეს მატჩს კიდევ უფრო დიდ ინტერესს, დაძაბულობას და მნიშვნელობას სძენს და გვინდა, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
„ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენი თავის და გულის გამოყენება გვმართებს. ვიცით, რომ 180 წუთში ბევრი სირთულე და დაუგეგმავი ეპიზოდი იქნება, რომელთან გამკლავებაც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.
„ვიცით, თუ რა არის დერბი, გუნდმა ბოლო 12 თვეში 7 დერბი ითამაშა, ჩვენ მოვიგეთ და დავმარცხდით, მაგრამ გუნდს ბრძოლის სურვილი არასოდეს აკლდა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.
„ლეაუ ? ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია ის, თუმცა რაფას ყოფნა-არყოფნა ინტერის გეგმებს არ შეცვლის. მილანს უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს და ლეაუს არყოფნა ჩვენს ამოცანას არ გაამარტივებს.
„ფავორიტი ? თითოეულ დერბის თავისი უნიკალური ისტორია აქვს, დერბიში ფავორიტები არ არსებობს.“