Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუ:“ მილანის მაისურით ბევრი ტიტულის მოგება მსურს“

მილანის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაუმ, რომელმაც ახლახანს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მილანში დარჩენა მსურდა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მწვრთნელს, მენეჯერებს და თანაგუნდელებს არაერთხელ ვაცნობე. ახლა მოვიდა სწორი მომენტი და ჩვენ კონტრაქტი გავაოფიციალურეთ, ჩემი ისტორია მილანში გრძელდება.

„4 წლის წინ, როდესაც მე მილანის ფეხბურთელი გავხდი, აქ ყველა ხელგაშლილი დამხვდა და რთულ მომენტებშიც კი, მე მათი მხრიდან მხარდაჭერა არასოდეს მომკლებია. მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ამ თავდაჯერებულობით კი ჩემი პოტენციალის გამოყენება და ბევრი გამარჯვების მოპოვება შემიძლია.

„მილანის თითოეული წევრი ჩემი ოჯახია. მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო, გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე და ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ.

„მილანში პირველი ორი სეზონი რთული გამოვიდა, მე კარგი სტატისტიკა არ მქონდა, თუმცა ახლა სულ სხვა ფეხბურთელი ვარ, ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, უკეთ ვაფასებ სიტუაციებს და ჩემი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება შემიძლია, რაც ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის დამსახურებაა.

„ჩემი მიზნები ? მე ტიტულების მოგება მსურს. სკუდეტოს მოპოვება დაუვიწყარი ემოცია იყო, ამან გუნდის ამბიციურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ჩვენ კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“