Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ჟირუსთან და მენიოსთან ხელფასის თაობაზე საერთო ენის გამონახვა მოუწევს…

მილანი გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და მათი პრიორიტეტი წლის ბოლომდე ოლივიე ჟირუსა და მაიკ მენიოს ხელშეკრულებები გახლავთ.

იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანში დარჩენა ორივე ფეხბურთელის პრიორიტეტია, თუმცა პრობლემა ფინანსური ასპექტებია.

მენიო, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2026 წლის ზაფხულში ეწურება, ხელფასის 2.8 მილიონიდან 6-6.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რასაც მისი მსურველი გუნდების უმეტესობა მაიკს სიამოვნებით გადაუხდიდა, ამიტომ ლომბარდიულ გრანდს დიდი ალბათობით კომპრომისზე წასვლა მოუწევს.

ჟირუს რაც შეეხება, მისი კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ლომბარდიულ გრანდს ფეხბურთელის კიდევ 1 წლით შენარჩნება უნდა, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, იტალიელებს ფრანგის გასამრჯელოს 3.5 მილიონიდან 2 მილიონამდე შემცირება სურთ. ჟირუს მსურველები არაბეთსა და MLS-ში მრავლად ჰყავს, რომლებიც მილანზე გაცილებით კარგ პირობებს სთავაზობენ, თუმცა ვეტერანი ფორვარდის პრიორიტეტი ლომბარდიულ გრანდში დარჩენაა.