Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ დიბალას და ვეინალდუმის თამაში საეჭვოა, პსჟ-ს ინტერესი ?…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ლევერკუზენთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ წინ ურთულესი მატჩი გველოდება, თუმცა რომა დანებებას არ აპირებს და ვეცდებით საშინაო არენაზე დავაფიქსიროთ ისეთი შედეგი, რომელიც განმეორებითი შეხვედრის წინ გარკვეულ უპირატესობას მოგვცემს და ფინალში გასვლაში დაგვეხმარება.

„გერმანიის ჩემპიონატში 18 გუნდია, რაც დიდ სხვაობას ქმნის. ჩვენ შუა კვირაში მოგვიწია თამაში, რამაც ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად კიდევ უფრო ცოტა დრო დაგვიტოვა, ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში კი თითოეულ სავარჯიშო სესიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ტრავმები ? ამ მხრივ პრობლემები მათაც აქვთ, ლევერკუზენს ჰუდსონ-ოდოი და შიკი ვერ დაეხმარებიან, თუმცა მათთვის ეს იმდენად დიდი პრობლემა არ არის, როგორც ჩვენთვის. ჩვენ 25 ერთი დონის ფეხბურთელი არ გვყავს და თითოეული ტრავმა გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

„დიბალა და ვეინალდუმი ? მათ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, თუმცა ვარჯიში და მატჩი განსხვავდება. ამ მომენტისთვის მათი თამაში საეჭვოა, თუმცა ვნახოთ.

„სმოლინგი ? ის სასტარტო შეამდგენლობისთვის ჯერ მზად არ არის, განმეორებითი მატჩისთვის კი სავარაუდოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ინტერესი პსჟ-ს მხრიდან ? თუ მათ ჩემთან საუბარი მართლაც სურდათ, ვერ მიპოვნეს, რადგან მე არავისთან მისაუბრია.“