Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ იმედი მაქვს, დიბალა სევილიასთან სათადარიგოთა სკამზე იქნება, ჩემი მომავალი ?…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მედიასთან ევროპა ლიგის ფინალსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ფიორენტინასთან მოახლოებული მატჩი ? ეს ძალიან რთული დაპირისპირება იქნება, რადგან ჩვენ ტრავმების მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს, მე კი რისკზე წასვლას არ ვაპირებ.

„ჩვენ არც ბავშვების გუნდით თამაში შეგვიძლია, რადგან ეს ფიორენტინას წინააღმდეგ, რომელსაც 25 ერთი დონის ფეხბურთელი ჰყავს, ძალიან სარისკოა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი მთელი კონცენტრაცია ახლა ფინალზეა გადატანილი.

„როდესაც შენი გუნდი ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში თამაშობს, სხვა ყველა მატჩი მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენ ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და მინდა, რომ ამ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

„დამოკიდებულება რომასა და რომას ქომაგების მიმართ ? იმედი მაქვს, რომ ჩემს სიტყვებს ცუდად არ გაიგებენ, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელშიც მიმუშავია და არანაირი გრძნობა არ გამაჩნია, ტოტენჰემია.

„სხვა ყველა გუნდში, მე ქომაგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, რადგან გულშემატკივრები სულელები არ არიან. ყველაფერი გამარჯვებასა და მარცხზე დამოკიდებული არ არის, მათ იციან, რომ მე გუნდის წარმატებისთვის 100 პროცენტით ვიხარჯები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის რომანისტა, მადრიდისტა, ინტერისტა ვიქნები, რადგან ამ გუნდებთან ძალიან დიდი ემოციები მაკავშირებს.

„დიბალა ? ის ფიორენტინასთან მატჩისთვის მზად არ იქნება და იმედი მაქვს, რომ სევილიას წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდება. სპინაცოლამ და კარსდორპმა განცალკევებით ივარჯიშეს, პაულო კი ჯერ კიდევ ექიმებთანაა.

„ჩემი მომავალი ? ახლა მე ამ თემაზე არ ვფიქრობ, წინ ფინალი გველოდება და სხვა საკითხები ახლა მნიშვნელოვანი არ არის.“