Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმჰენი:“ ჩვენ აუტსაიდერებად მიგვიჩნევდნენ, თუმცა…”

ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმჰენმა, რომლის გოლმაც პარტენოპეის ისტორიაში მე-3 სკუდეტო მოუტანა, უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან გახარებული ვარ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი შეგრძნებაა. ჩვენ ამ მომენტს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით და როგორც იქნა, სკუდეტო ნეაპოლში დაბრუნდება. ეს მომენტი თითოეული ჩვენგანისა და თითოეული ნეაპოლიტანელის გულში ყოველთვის იცოცხლებს.

„ის მუხტი, რომელსაც ჩვენ სეზონის პირველი მატჩიდან ქომაგებისგან ვიღებდით, შეუფასებელია. სკუდეტო ნაპოლიზე, ნეაპოლზე და ნეაპოლიტანელებზე მეტად არავის დაუმსახურებია.

„სეზონის სტარტზე ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევდა, ჩვენი მხოლოდ ჩვენს ქომაგებს სჯეროდათ, ჩვენ ჩამოგვწერეს, თუმცა გუნდი ერთად დადგა, ჩვენმა შესანიშნავმა მწვრთნელმა, სტაფმა, სამედიცინო შტაბმა კი ჩვენ საუკეთესო გარემოში მუშაობის საშუალება მოგვცეს, რამაც ამ შესანიშნავ მომენტამდე მიგვიყვანა.

„როდის მივხვდით, რომ სკუდეტოს მოპოვება რეალური იყო ? ვფიქრობ, რომ რომში გამარჯვებამ ჩვენ დამატებითი თავდაჯერებულობა შეგვძინა. რომას დიდ პატივს ვცემ, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ჩვენ იმ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავაანალიზეთ, რომ სკუდეტოს მოგება შეგვეძლო. პირველი პოზიციის დაკავების შემდეგ, გუნდი თითქმის მთელი სეზონი სატურნირო ცხრილს ლიდერობდა, ეს ჩვენი ძლიერი მენტალობის დამსახურებაა, ახლა კი ზეიმის და სიამოვნების მიღების დროა.

„რა ვისწავლე სერია ა-ში ? მე ამ ჩემპიონატის მადლობელი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები, რადგან სწორედ სერია ა-მ მომცა საშუალება, ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა და მსოფლიოს საუკეთესო კუთხით დავენახე. მე მუშაობას ვაგრძელებ და ვიცი, რომ განვითარება კიდევ შემიძლია. ასევე აღსანიშნავია ჩემი თანაგუნდელების, მწვრთნელის და სტაფის წევრების დამსახურება, რომლებიც მე დამატებით თავდაჯერებულობას მძენენ. მადლობა ნაპოლის ქომაგებსაც, სწორედ მათი ქომაგობისა და გვერდში დგომის დამსახურებაა, რომ მე ახლა ასეთი ფორვარდი ვარ.“